საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და საქართველო-ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე კონცერტით აღინიშნა

16/06/2017

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და საქართველო-ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე პეკინში სადღესასწაულო კონცერტით აღინიშნა

16.06.2017, პეკინი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსა და ჩინელი ხალხის საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეგობრობის ასოციაციის ორგანიზებით გამართული სადღესასწაულო კონცერტით აღინიშნა.

კონცერტი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დავით აფციაურის და ჩინეთის კულტურის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის ბატონი სიეს მისალოცი სიტყვებით გაიხსნა. ოფიციალური ნაწილის შემდეგ სცენაზე შედგა გიორგი მიქაძისა და ანსამბლ “ბასიანის” პროექტის პრემიერა, რომელსაც სცენაზე ენაცვლებოდა ქართული სახელმწიფო ანსამბლის “რუსთავის” საცეკვაო ნომრები.

კონცერტის დაწყებამდე საელჩო დამსწრე საზოგადოებას ქართული ღვინით გაუმასპინძლდა. სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს 13-20 საუკუნეების ტრადიციული ქართული სამოსის ფოტოგამოფენა.

კონცერტს ესწრებოდა პეკინში მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, აზიის დეპარტამენტის უფროსი დავით კერესელიძე, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლი ხვეილაი, ჩინელ ხალხთა საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეგობრობის ასოციაციის ვიცე – პრეზიდენტი ლინ ი, სხვადასხვა სამინისტროების ოფიციალური პირები, პეკინში აკრედიტირებული ელჩები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ქართული დიასპორა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0