საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნავთობის სექტორთან დაკავშირებულ საკითხებში კონსულტაციებს ჟაკიპ მარაბაევი გაუწევს

02/02/2023

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნავთობის სექტორთან დაკავშირებულ საკითხებში კონსულტაციებს ჟაკიპ მარაბაევი გაუწევს. ჟაკიპ მარაბაევს ყაზახეთისა და ევრაზიის რეგიონის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის ტოპ-მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის 40 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. ის მჭიდროდ თანამშრომლობდა მსოფლიოს უმსხვილეს ენერგეტიკულ კომპანიებთან როგორც ყაზახეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ და აქვს ერთობლივი საწარმოების მართვის პრაქტიკული და დიდი გამოცდილება. ვიცე-პრემიერს, ლევან დავითაშვილსა და საერთაშორისო ექსპერტს შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების თანახმად, მარაბაევი ეკონომიკის სამინისტროს ნავთობის სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებაში, ამ სფეროში მაღალი რანგის ინვესტორებთან ურთიერთობის წარმართვასა და გეოლოგიური კვლევების განახლების კუთხით მუშაობაში გაუწევს კონსულტაციას. ჟაკიპ მარაბაევი საერთაშორისო პროგრამა TotalEnergies-ის ფარგლებში ორი წლის განმავლობაში მუშაობდა საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა და აფრიკაში. ამ პერიოდის განმავლობაში იგი აქტიურად მონაწილეობდა კომერციულ და ტექნიკურ საკითხებზე სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში, ასევე ფრანგული INSEAD ინსტიტუტის მენეჯმენტ-პერსონალის ტრენინგში. მან წარმატებით დაამთავრა საფრანგეთის ნავთობის ინსტიტუტის (IFP) აღმასრულებლების MBA კურსი. ჟაკიპ მარაბაევი არის ეკონომიკის დოქტორი და ფლობს მაგისტრის ხარისხს სამთო დარგში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0