საქართველოს ელჩი ყაზახეთის და ყირგიზეთის რესპუბლიკებში ყირგიზეთის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა

05/12/2017

ყაზახეთის და ყირგიზეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ აბაშიძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ქალაქ ბიშკეკში, სადაც შეხვედრა გამართა ქვეყნის ეკონომიკის მინისტრთან არტიომ ნოვიკოვთან.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ყირგიზეთის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის შესახებ და დადებითად შეაფასეს ქვეყნებს შორის არსებული პოლიტიკური თანამშრომლობა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არსებულ პოტენციალს და ამ მიმართულებით დინამიკის კიდევ უფრო გაუმჯობესების მნიშვნელობას. ორი ქვეყნის ბიზნეს წრეების წარმომადგენლების დაკავშირებისა და ინვესტიციების გაზრდის მიზნით გამოითქვა მოსაზრება ბიზნეს ფორუმის ჩატარებასთან დაკავშირებით. ასევე, მხარეებმა ისაუბრეს ყირგიზეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური მთავრობათაშორისი კომისიის მუშაობის შესახებ და აღინიშნა, რომ უახლოეს პერიოდში, თბილისში ხელმოწერილი ოქმის მიხედვით, მომზადებული იქნება კომისიის მეორე სხდომის საკითხები.
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ძალისხმევა არ დაიშურონ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0