საქართველოს კენკროვანი კულტურების წარმოების დიდი პოტენციალი გააჩნია

28/05/2016

კენკროვანი კულტურების წარმოებისა და განვითარების საკითხზე იმსჯელეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ლევან დავითაშვილი, იური ნოზაძე, დავით გალეგაშვილი და გოჩა ცოფურაშვილი ესწრებოდნენ.
„საქართველოს კენკროვანი კულტურების წარმოების დიდი პოტენციალი გააჩნია. აღნიშნულ სურსათზე საკმაოდ მზარდია მოთხოვნა საერთაშორისო ბაზრებზე და მნიშვნელოვანია ამ კუთხით სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარებაც“, -განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გოჩა ცოფურაშვილმა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის უფროსმა თენგიზ კალანდაძემ საქართველოში კენკროვანი კულტურების განვითარების პერსპექტივებზე პრეზენტაცია წარმოადგინა და საქართველოს რეგიონებში არსებულ პოტენციალზე დეტალურად ისაუბრა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას პოლონეთის სეიმის დეპუტატი წევრი ტომაშ მაკოვსკი ესწრებოდა, რომელმაც საკუთარი ქვეყნის გამოცდილებაზე ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ კენკროვანი კულტურების განვითარების მიმართულებით პოლონეთი ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა.
შეხვედრას ასევე გორის რაიონის გამგებელი დავით ონიაშვილი, დარგში დასაქმებული მეწარმეები, კოოპერატივების წევრები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0