საქართველოს კონსტიტუცია ამკვიდრებს ძირითად უფლებათა დაცვის უმაღლეს სტანდარტს და ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ არჩევანს შეუქცევადს ხდის

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„კონსტიტუციის ახალი რედაქცია ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათია ცივილიზებულ მსოფლიოში. ის აყალიბებს ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაფუძნებულ, ევროპული ტიპის საპარლამენტო მმართველობის სისტემას ძლიერი პარლამენტით, ქმედითი მთავრობით, დამოუკიდებელი სასამართლოთი და ზეპარტიული პრეზიდენტით. შემოაქვს პოლიტიკური ბალანსი, მკაფიოდ გამიჯნული უფლებამოსილებები, არჩევნების პროპორციული სისტემა და ოპოზიციის გაფართოებული უფლებები. რაც მთავარია, აღიარებს რა თავისუფალ ადამიანს უზენაეს ღირებულებად, საქართველოს კონსტიტუცია ამკვიდრებს ძირითად უფლებათა დაცვის უმაღლეს სტანდარტს და ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ არჩევანს შეუქცევადს ხდის“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე.

პარლამენტის თავმჯდომარემ ღონისძიების სტუმრებს კონსტიტუციის დღე პარლამენტის სახელით მიულოცა. მისი თქმით, საამაყო ფაქტია, რომ 1921 წელს, დამფუძნებელთა კრების მიერ დამტკიცებული საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია პროგრესულ პრინციპებსა და ევროპულ ღირებულებებს ეყრდნობოდა. მისივე განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანი და საამაყოა, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტმა შეძლო ისტორიული მისიის შესრულება, წარმატებით განახორციელა საკონსტიტუციო რეფორმა და დაამტკიცა კონსტიტუციის ახალი რედაქცია – დახვეწილი იურიდიული დოკუმენტი, რომელიც ქართული სახელმწიფოს გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარების მტკიცე საფუძველს წარმოადგენს.
არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს და საკონსტიტუციო კომისიის წევრებს მადლობა გადაუხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სიმბოლურია ის ფაქტი, რომ უკანასკნელ წლებში კონსტიტუციის დღეს საქართველოს მოქალაქეები ერთად აღნიშნავენ. მისივე თქმით, კონსტიტუცია ჩვენი მოქალაქეობის, მშვიდობიანი თანაცხოვრების და ურთიერთობის გარანტიაა.

„კონსტიტუციით ჩვენ ვუკავშირდებით სახელმწიფოს და სახელმწიფო გვიკავშირდება ჩვენ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გამოსვლის დასასრულს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის დებულებათა სულისკვეთება პირდაპირ თანხვედრაშია ქვეყნის უმთავრეს სტრატეგიულ მიზანთან, რასაც მშვიდობიანი გზით ქვეყნის დეოკუპაცია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ეწოდება.

„მჯერა, რომ დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერების კვალდაკვალ, ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ერთად მომავალში დავიწყებთ კიდევ ერთ კონსტიტუციურ კანონზე მუშაობას, რომელიც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან იქნება დაკავშირებული“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს კონსტიტუციის მიღების დღე მიულოცეს და სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ზაზა თავაძემ და კონსტიტუციონალისტმა ავთანდილ დემეტრაშვილმა.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ: პარლამენტის წევრები, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრები.
ღონისძიების დასასრულს კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა.

Visited 116 times, 1 visit(s) today