საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოსა და ირლანდიის ეროვნულ უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

25/09/2018

ირლანდიის ეროვნული უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოებისა და კიბერდანაშაულის გამოძიების კვლევითი ცენტრის დელეგაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრები ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ხელმძღვანელთან, კობა კობიძესთან და მის მოადგილეებთან, ასევე სააგენტოს კიბერუსაფრთხოების, კიბერდანაშაულის გამოძიებისა და ციფრული ექსპერტიზის სპეციალისტებთან. დელეგაცია გაეცნო ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიღწევებსა და შესაძლებლობებს კიბერდანაშაულისა და ციფრული ექსპერტიზის მიმართულებით.
ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოსა და ირლანდიის ეროვნული უნივერსიტეტს შორის კიბერუსაფრთხოების, კიბერდანაშაულის გამოძიებისა და ციფრული მტკიცებულებების სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
აღნიშნული მემორანდუმის ხელმოწერა საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს მისცემს საშუალებას გადაამზადოს საკუთარი თანამშრომლები ევროკავშირის სამართალდამცავი უწყებების მიერ აღიარებული სპეციალიზირებული სასწავლო პროგრამების მიხედვით.
დოკუმენტი ითვალისწინებს მხარეებს შორის თანამშრომლობას ტრეინინგების, კურსების, გაცვლითი ვიზიტების და საკონსულტაციო მომსახურების გაზიარების კუთხით. ასევე, მემორანდუმის ფარგლებში, ურთიერთთანამშრომლობა მოიცავს დისტანციური და რეგულარული სასწავლო პროგრამების შემუშავებას; სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მიღწევების ურთიერთგაცვლას; კიბერუსაფთხოებისა და ექსპერტიზის პროდუქტების და მომსახურების გაზიარებას.
ირლანდიის ეროვნული უნივერსიტეტის კიბერუსაფრთოებისა და კიბერ გამოძიების კვლევითი ცენტრი წარმოადგენს ევროკავშირის ფარგლებში ერთ-ერთ წამყვან სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, რომელსაც გააჩნია სამართალდამცავი უწყებების საჭიროებებზე მორგებული კიბერუსაფრთხოების, კიბერ გამოძიებისა და ციფრული ექსპერტიზის პროგრამები. ცენტრი წარმოადგენს ევროპოლის კიბერდანაშუალის ცენტრის E3-ის ოფიციალურ პარტნიორს და მონაწილეობს მისი ეგიდით შემუშავებულ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებში.
აღსანიშნავია, რომ სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო კავკასიის რეგიონში წარმოადგენს პირველ სახელმწიფო უწყებას, რომელთანაც ირლანდიის ეროვნული უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოებისა და კიბერ გამოძიების კვლევითმა ცენტრმა გააფორმა თანამშრომლობის დოკუმენტი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0