საქართველოს პარლამენტში ევროპის დღის აღსანიშნავად საზეიმო მიღება გაიმართა

11/05/2017

საქართველოს პარლამენტში ევროპის დღის აღსანიშნავად საზეიმო მიღება გაიმართა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უმასპინძლა.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით ირაკლი კობახიძემ გახსნა, რომელმაც ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, გაეროს განვითარების პროგრამას, საქართველოს პარლამენტის წევრებსა და აპარატის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია საზოგადოების ისტორიული არჩევანია.
„საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის ჩვენი საზოგადოების ისტორიული არჩევანი. პარლამენტი კი თანამედროვე საქართველოში ყოველთვის იყო ის ადგილი, სადაც ხდებოდა ამ ნების აღსრულება. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ვაგრძელებთ ამ მნიშვნელოვან ტრადიციას და დღევანდელი შეხვედრაც ამის სიმბოლური გამოხატულებაა“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც საპარლამენტო ევროპული კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა. ირაკლი კობახიძემ ახალგაზრდებს საპარლამენტო ევროპული კვირეულის განმავლობაში შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება უსურვა.
„ცოდნაში შეჯიბრება ყველაზე კეთილშობილური შეჯიბრებაა და ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს მეძლევა ამ თამაშში გამარჯვებულების დაჯილდოვების შესაძლებლობა. იმედი მაქვს, რომ თქვენს ცოდნას გაუზიარებთ თქვენს თანატოლებს, რათა მათ მეტი გაიგონ ევროპული ოჯახის შესახებ, სადაც სრულფასოვანი ადგილის დამკვიდრება ჩვენი ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი და ამოცანაა. მინდა გისურვოთ, რომ ამ დღეებში შეძენილი ცოდნა პრაქტიკულად გამოიყენოთ ცხოვრებაში: თქვენს ოჯახის წევრებსა და მეგობრებს მოუყვეთ თქვენი ევროპული გამოცდილების, ისტორიების, თავგადასავლების შესახებ; მათთან ერთად იმოგზაუროთ ამ მრავალფეროვან კონტინენტზე; უფრო ახლოს გაეცნოთ ევროპის სხვადასხვა ერების ტრადიციებსა და წესჩვეულებებს და ამავდროულად თქვენს ევროპელ მეგობრებს გააცნოთ საქართველოს კულტურა და ისტორია“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ გამარჯვებული გუნდის წევრებს შეახსენა, რომ უცხოეთში ისინი საქართველოს ახალგაზრდა ელჩები არიან.
„გახსოვდეთ, სადაც არ უნდა ვიმყოფებოდეთ, ჩვენ წარმოვადგენთ საქართველოს, თქვენ კი ხართ ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩები უცხოეთში! მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ კონკურსში მონაწილეობისათვის და გთხოვოთ, რომ მომავალშიც აქტიურად და შემართებით ჩაერთოთ მსგავს ინიციატივებში.
ჩვენი და თქვენი ევროპული თავგადასავალი მხოლოდ ახლა იწყება! ეს მართლაც ასეა. გისურვებთ წარმატებებს ამ საინტერესო და პოზიტიური მოულოდნელობებით სავსე გზაზე“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე განცხადებით, მიმდინარე წელს, საქართველო ევროკავშირის წევრ სხვადასხვა ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წლისთავს აღნიშნავს.
„ზუსტად დღეს სრულდება 25 წელიწადი მას შემდეგ, რაც დამყარდა დიპლომატიური ურთიერთობა საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის და განსაკუთრებით მინდა, მივესალმო იტალიის ელჩს და ჩვენს იტალიელ მეგობრებს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
დამსწრეებს მიმართა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში. იანოშ ჰერმანმა ევროპულ კვირეულზე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობაზე და ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პარლამენტის როლის შესახებ ისაუბრა.
„ჩვენ აღვნიშნავთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობებისა და თანამშრომლობის მეოთხედ საუკუნეს. ახლა ევროკავშირი და საქართველო 20 წელზე მეტია, თანამშრომლობენ. მინდა გითხრათ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. ცოტა ხნის წინ პარლამენტის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე ჩვენ მომავლის შესახებ უფრო მეტი ვისაუბრეთ, ვიდრე იმაზე, თუ რა იყო ადრე. ვფიქრობ, რომ დემოკრატიული საქართველოს ახლადარჩეული პარლამენტი შეასრულებს მნიშვნელოვან როლს არა მხოლოდ კანონმდებლობის მიღებით, რომელიც აუცილებელია ევროპული ინტეგრაციის გზაზე წინსვლისთვის, არამედ ასევე ყველა პოლიტიკურ განხილვაში მონაწილეობით. შემდგომ პერიოდში ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება პარლამენტთან და ჩვენს ქართველ მეგობრებთან თანამშრომლობა“,- განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ ევროპის დღისადმი მიძღვნილი საინფორმაციო კამპანია და საპარლამენტო ევროპული კვირეულის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები შეაჯამა.
„მინდა,განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ევროკავშირის წარმომადგენლობას და გაეროს განვითარების პროგრამას თანადგომისთვის. ეს ღონისძიებები არ არის მნიშვნელოვანი მხოლოდ პარლამენტისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომ გავიაზროთ, რას ნიშნავს საქართველოსთვის ევროპასთან ურთიერთობა და რეალურად, რატომ გვჭირდება ევროპული ინტეგრაცია, რატომ მივისწრაფით ასეთი მონდომებით იმ სივრცისკენ, რომელშიც ვხედავთ ჩვენს მომავალს. ამ ყველაფერს ეძღვნებოდა ის ღონისძიებები, რომლებიც ჩავატარეთ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით“,- განაცხადა თამარ ხულორდავამ.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსა და პარლამენტის წევრებს მადლობა გადაუხადა.
საზეიმო მიღებას ესწრებოდა ახალგაზრდული თამაშის – „ჩემი ევროპული თავგადასავალი“ გამარჯვებული გუნდი, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და ევროკავშირის ელჩისგან პრიზები გადაეცათ. დაჯილდოების ბოლოს საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები აჟღერდა.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პარლამენტში გამართულმა საზეიმო მიღებამ შეაჯამა ევროპის დღისადმი მიძღვნილი საინფორმაციო კამპანია, რომელიც საქართველოს პარლამენტის ინიციატივით ჩატარდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0