საქართველოს პარლამენტში „ამბასადორიალი 2017“-ის სესიები გრძელდება

„ამბასადორიალი 2017“- ის მონაწილეებმა, საზღვარგარეთ აკრედიტებულმა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თემაზე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს.
ამბასადორიალის მონაწილეებს მიმართა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ, რომელმაც დიპლომატებს აქტიური საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ სწორედ ერთობლივი, კოორდინირებული მუშაობა უზრუნველყოფს ქვეყნისთვის პოზიტიური შედეგის მიღწვას. ✪ კომიტეტის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში ყურადღება საპარლამენტო საქმიანობაზე, საგარეო პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებზე, გაწეულ და დაგეგმილ საქმიანობაზე გაამახვილა.
„ჩვენ ძალიან დინამიური და აქტიური ურთიერთობა გვაქვს ევროპარლამენტთან. ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული საქართველოს საელჩო ევროკავშირში. სულ ცოტა ხნის წინ ევროპარლამენტში პირველად შეიქმნა საქართველოს მეგობრობის ჯგუფი, რაც საპარლამენტო თანამშრომლობის სხვა ფორმატებთან ერთად, კარგი დამატებითი შესაძლებლობაა ჩვენს პარტნიორებთან უფრო ინტენსიური კომუნიკაციისა და ჩართულობისთვის“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.
კომიტეტის თავმჯდომარე ევროპარლამენტთან ურთიერთობების სხვა ფორმატებსაც შეეხო და ასოცირების საპარლამენტო კომიტეტზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის საფუძველზე შექმნილ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეასა და ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების თანამშრომლობის ფორუმზე ისაუბრა.
თამარ ხულორდავა: „ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სახით, ევროპარლამენტში ორმხრივი თანამშრომლობის პლატფორმა არსებობს, რომელიც მუდმივი ორგანოა და სადაც ევროპარლამენტარები და ქართველი დეპუტატები ასოცირების შეთანხმების განხორციელებაზე ერთობლივად ვმსჯელობთ. მე-9 მოწვევის პარლამენტმა საპარლამენტო კომიტეტის ორი სხდომა უკვე გამართა. მნიშვნელოვანია, რომ კომიტეტის მიერ მიღებულ შემაჯამებელ დოკუმენტებში საქართველო წარმოჩენილია როგორც პროგრესის და წარმატების მაგალითი რეგიონში, გამოხატულია მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, დაგმობილია საოკუპაციო რეჟიმის ქმედებები და ასახულია მხარდაჭერა საქართველოს მისწრაფებისადმი გახდეს ევროკავშირის წევრი ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის საფუძველზე“.

Visited 146 times, 1 visit(s) today