საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კამპანიას „გავერთიანდეთ ბორჯომის ტყის გადასარჩენად“ შეუერთდა

13/05/2017

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად კამპანია „გავერთიანდეთ ბორჯომის ტყის გადასარჩენად“ ფარგლებში, ბორჯომის ხეობის ნახანძრალი ტერიტორიის აღდგენაში მიიღეს მონაწილეობა, სადაც 2008 წელს, რუსული აგრესიის შედეგად ბორჯომის ტყის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის გამო 250–მდე ჰექტარზე ტყის საფარი მთლიანად განადგურდა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა პირადი ინიციატივითა და, ასევე საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დახმარებით, ბორჯომში, პლატოს ტერიტორიაზე დასარგავად სხვადასხვა ჯიშის ნერგები შეიძინეს.
„ჩვენ აქ ვხედავთ რუსული ოკუპაციის კიდევ ერთ სამწუხარო შედეგს – ბორჯომის დამწვარ ტყეს. საქართველოს პრეზიდენტი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი შემოუერთდა აქციას, რათა გაერთიანებული ძალებით აღვადგინოთ რუსული ოკუპაციის შედეგად გადამწვარი ბორჯომის ტყე და ვფიქრობ, რომ ისევე, როგორც მთელი საქართველო დღეს ერთიანდება ბორჯომის ტყის აღსადგენად, ასევე გაერთიანებული ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ რუსული ოკუპაციის კიდევ ერთი შედეგის, დარღვეული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
ბია – ბიზნეს ინფორმაციის სააგენტო და სტარტაპი “თრიფექსი” ერთობლივი კამპანიის „გავერთიანდეთ ბორჯომის ტყის გადასარჩენად“ მიზანია ბორჯომის ხეობის ნახანძრალი ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0