საქართველოს პრეზიდენტი სლოვაკეთს სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვია

14/05/2017

საქართველოს პრეზიდენტი სლოვაკეთს პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან და სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პარლამენტარები – მამუკა ჩიქოვანი, რომან გოცირიძე, ადა მარშანია და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვაკეთის რესპუბლიკაში რევაზ გაჩეჩილაძე.

საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში 15 მაისს გაიმართება, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილისა და სლოვაკეთის პრეზიდენტის ანდრეი კისკას პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრები შედგება.

შეხვედრების შემდეგ პრეზიდენტები მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ და სლოვაკი და ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებენ.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია პრეზიდენტის შეხვედრები პრემიერ რობერტ ფიცოსთან და ეროვნული საბჭოს სპიკერ ანდრეი დანკოსთან.
ბრატისლავაში გიორგი მარგველაშვილი კომენიუსის უნივერსიტეტში შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით საჯარო ლექციას წაიკითხავს და უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტებთან გამართავს შეხვედრას.

საქართველოს პრეზიდენტისა და პირველი ლედის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ბრატისლავაში ბავშვთა ფსიქოლოგიისა და პათოფსიქოლოგიის კვლევით ინსტიტუტს ეწვევა და ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრს დაათვალიერებს. პირველი ლედი ასევე ეწვევა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საწარმოს და საწარმოში დასაქმებულებს შეხვდება.

16 მაისს საქართველოს პრეზიდენტს პირველ ლედისთან ერთად სლოვაკეთის პრეზიდენტი ლევოჩაში, მშობლიურ ქალაქში უმასპინძლებს. პრეზიდენტები ტატრას მთაზე სამთო-სათხილამურო კურორტს დაათვალიერებენ და ანდრეი კისკა საქართველოს დელეგაციას ტურიზმის განვითარების მიმართულებით სლოვაკეთის გამოცდილებას გაუზიარებს. გიორგი მარგველაშვილის სახელმწიფო ვიზიტი სლოვაკეთში 17 მაისს დასრულდება.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ეს არის საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის საპასუხო ვიზიტი სლოვაკეთში. სლოვაკეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა და შესაბამისად, მისი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით მნიშვნელოვანია.

აბაშიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი სლოვაკეთის პრეზიდენტთან და უმაღლესი თანამდებობის პირებთან განიხილავს რეგიონული თანამშრომლობის საკითხებს და საქართველოს რეგიონული როლის უკეთესად გამოყენებას ჩვენი პარტნიორების მხრიდან.

,,საუბარი შეეხება ასევე ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს. ამ მიმართულებით გვაქვს მნიშვნელოვანი დინამიკა, რადგან გარკვეული ტიპის ბიზნესურთიერთობებს ჯერ კიდევ 2 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი, როცა პირველად შედგა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ბრატისლავაში”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0