საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად ოფიციალური სადილი გაიმართა

03/10/2017

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პატივსაცემად, პორტუგალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის მარსელო რებელო დე სოუზას სახელით, ოფიციალური სადილი გაიმართა.
ოფიციალურ სადილს ლისაბონში, აჟუდას ეროვნულ სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად დაესწრო.
სადილზე საქართველოს და პორტუგალიის პრეზიდენტებმა ორი ქვეყნის მეგობრობის სადღეგრძელო შესვეს.
,,დღეს მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნების ურთიერთობაში. წელს ჩვენი ქვეყნები დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს აღნიშნავენ და ეს ვიზიტი ჩვენი ქვეყნების მეგობრობისა და პარტნიორობის კიდევ ერთი თვალსაჩინო დასტურია.
მოხარული ვარ, რომ დღევანდელ დღეს ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის გაღმავებისა და განვითარებისათვის. მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ურთიერთობის ახალ ეტაპს ვიწყებთ, რომელიც მრავალი სიკეთის მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნებისათვის”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პორტუგალიის პრეზიდენტმა ქართველი და პორტუგალიელი ხალხის ისტორიულ და კულტურულ კავშირებზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0