საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხელშეწყობით სტუდენტებისთვის ინოვაციური პროექტი დაიწყო

16/01/2018

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბაზაზე სტუდენტებისთვის ინოვაციური პროექტის გახსნას დაესწრო. გიორგი აბაშიშვილმა პროექტის „სამოქალაქო ქმედების სკოლის“ მონაწილეებს საჯარო ლექცია წაუკითხა და მათ კითხვებსაც უპასუხა.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა, – „პრეზიდენტის სარეზერვო ფონდმა მხარი დაუჭირა „საბაუნის“ პროექტს, სამოქალაქო ქმედების სკოლას, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტებისათვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს კვალიფიციური დისკუსიის სივრცე, კვალიფიციური დისკუსიის შესაძლებლობა საერთაშორისო პოლიტიკის, უსაფრთხოების, ეკონომიკის საკითხებზე, შესაბამისად ეს პროექტი სწორედ ამას ემსახურება, რომ სტუდენტებმა შეძლონ დისკუსია, ანალიტიკური მსჯელობა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც ძალიან აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვის.“
„სამოქალაქო ქმედების სკოლა“ საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხელშეწყობით ორი თვის განმავლობაში განხორციელდება და პროექტის ფარგლებში სტუდენტები გამოიმუშავებენ ანალიტიკური მსჯელობის უნარს, გაეცნობიან და განიხილავენ სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხებს, სკოლის მიზანი ახალგაზრდა ლიდერების აღზრდაა.
მონაწილეები მოისმენენ ლექციებს საქართველოს წამყვანი ექსპერტებისგან. პროექტის კურსი შედგება ხუთი საბაზისო მოდულისგან: საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკა, უსაფრთხოება, ეკონომიკა და სამართალი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0