საქართველოს პრეზიდენტი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, სლოვაკეთის პრეზიდენტს მასპინძლობს

30/05/2016

სლოვაკეთის პრეზიდენტის ანდრეი კისკას დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
ცერემონიაზე სლოვაკეთისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები შესრულდა, რის შემდეგაც პრეზიდენტებმა საქართველოს სახელმწიფო დროშას მიაგეს პატივი და წითელ ხალიჩასთან განლაგებულ საპატიო ყარაულის მწკრივს ჩაუარეს. სახელმწიფო ჰიმნები საქართველოს შეიარაღებული ძალების ორკესტრმა შეასრულა.
დახვედრის ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში, მხარეებმა ერთმანეთს სლოვაკეთისა და საქართველოს დელეგაციები და დიპლომატიური კორპუსის წევრები წარუდგინეს.
საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან ერთად, დახვედრის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს მთავრობის წევრები და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძე, საქართველოს ელჩი სლოვაკეთში რევაზ გაჩეჩილაძე, პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე, პრეზიდენტის მრჩეველი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში თინათინ მჟავანაძე.
დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან და მედიისთვის განცხადებები გაკეთდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0