საქართველოს პრეზიდენტმა ელისო ვირსალაძე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტი დღეს თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის გახსნას დაესწრო და ფესტივალის დამფუძნებელი, პიანისტი ელისო ვირსალაძე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.
ცნობილ პიანისტს სახელმწიფო ჯილდო ქართული და მსოფლიო მუსიკალური ხელოვნების განვითარების საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და საქართველოს წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის გადაეცა. წელს ფესტივალის დამფუძნებელი ელისო ვირსალაძე სასცენო – საკონცერტო მოღვაწეობის 55 წლისთავს აღნიშნავს.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ელისო ვირსალაძეს მუსიკალური ფესტივალის დაარსებისა და ნაყოფიერი სასცენო მოღვაწეობისათვის და განაცხადა, რომ სწორედ ელისო ვირსალაძისნაირ ადამიანებზე დგას ქართული კულტურა.
“სწორედ ასეთი ინდივიდები აძლიერებდნენ ერს და ჩვენ დღეს გვაქვს ნათელი მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება ემსახურო შენს ხალხსა და საზოგადოებას. მისი ღვაწლი დასაფასებელია იმისათვისაც, თუ როგორ დაუბრუნა ქალბატონმა ელისომ თავისი ცოდნა და პროფესიონალიზმი სამშობლოს. მინდა ამისათვის უდიდესი მადლიერება გამოვხატო”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე.

Visited 157 times, 1 visit(s) today