საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესპანეთის მეფე ფელიპე VI-ს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესპანეთის მეფეს, ფელიპე VI-ს (S.M. El Rey Felipe VI) შეხვდა. საუბარი ტურიზმის საერთაშორისო გამოფენას შეეხო, რომელიც მადრიდში ხვალ იხსნება. ყურადღება დაეთმო ტურიზმის ინდუსტრიას, როგორც უმნიშვნელოვანეს სოციალურ-ეკონომიკურ სექტორს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, შეხვედრისას საქართველოს მზარდ ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 2016 წელს, ქვეყანას 6,4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ხოლო ტურიზმისგან მიღებულმა შემოსავალმა 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. გიორგი კვირიკაშვილმა ესპანეთის მეფე, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებისა და დაბადების საიუბილეო თარიღების აღსანიშნავ ღონისძიებებზე საქართველოში მიიწვია. შეხვედრას, რომელიც “ელ პარდოს” სასახლეში გაიმართა, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი დაესწრო. შეხვედრის შემდეგ, სამეფო სასახლეში, 2017 წლის მდგრადი ტურიზმის განვითარების საერთაშორისო წლად გამოცხადებასთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა, რომელსაც მსოფლიოს პოლიტიკური და ეკონომიკური წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა განცხადება გააკეთა, რომელშიც საქართველოს შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო არის ბრენდი, რომელიც ულამაზესი ქვეყანასა და შესანიშნავ ხალხთან ასოცირდება. სტუმრებს სიტყვით მიმართა ესპანეთის მეფე ფელიპე VI-მ და წარმატებები უსურვა.

Visited 182 times, 1 visit(s) today