საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დიასპორის სახელმწიფო სტრატეგია წარადგინა

27/05/2017

​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დიასპორის ფორუმის მონაწილეებს დიასპორის სახელმწიფოს სტრატეგია „ერთიანი დიასპორა ძლიერი საქართველოსთვის“ წარუდგინა.
აღსანიშნავია, რომ დიასპორასთან ურთიერთობის სახელმწიფო სტრატეგია პირველად შემუშავდა. დოკუმენტი მიზნად ისახავს განსაზღვროს სახელმწიფოს ხედვა და ქმედებები დიასპორის ერთიანობის, სიძლიერისა და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის განვითარების უზრუნველყოფად.
პროგრამა ორიენტირებულია საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების და დიასპორული ორგანიზაციების ხელშეწყობაზე, მათი ინტერესებისა და უფლებების დაცვაზე, ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და სახელწმიფოსა და დიასპორას შორის კავშირის განმტკიცებაზე.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ფორუმის მონაწილეებს წარუდგინა აღნიშნული ამოცანების განსახორციელებლად განსაზღვრული გზები. მისი განცხადებით სახელმწიფო ხელს შეუწყობს ქართულ დიასპორაში არსებული პრობლემის იდენტიფიცირებას და მათი გადაჭრის ინოვაციური მიდგომების დანერგვას. პროგრამა ასევე გულისხმობს დიასპორის წარმომადგენლებისათვის არსებული სახელწმიფო პროგრამებისა და პროექტების შესახებ ინფორმაციის პროაქტიულად მიწოდებას და მათი ჩართულობის გაზრდას. პროგრამა ასევე გულისხმობს თანამემამულეთა დარგობრივი გაერთიანებების ჩამოყალიბებას, საქართველოს შესაბამის უწყებებთან მათი კავშირისა და მსგავსი გაერთიანებების მეშვეობით საზღვარგარეთ მოღვაწე პროფესიონალთა დაკავშირებას საქართველოში მოღვაწე კოლეგებთან. სახელწმიფო სტრატეგია ასევე გულისხმობს ცალკეული ღონისძიებების ორგანიზებას საზღვარგარეთ დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისთვის, რასაც ხელს შეუწყობს ასევე პროგრამის „დიასპორული სტაჟირება“ განვითარება.
მინისტრმა ასევე ისაუბრა იმ კონკრეტულ მექანიზმებზე, რაც ხელს შეუწყობს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების საჭიროებებზე სახელმწიფოს მხრიდან ეფექტურ რეაგირებას. როგორც მიხელ ჯანელიძემ პროგრამის პრეზენტაციისას აღნიშნა ამოქმედდება სპეციალური ცხელი ხაზი, საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისათვის, მოხდება სამედიცინო აქციების ორგანიზება და მათ გაეწევათ უფასო სამედიცინო კონსულტაციები. პროგრამა ასევე გულისხმობს მშობლიურ ენაზე იურიდიული კონსულტაციების გაწევას.
როგორც მინისტრმა აღნიშნა სახელწიფო სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება დიასპორაში ეროვნული იდენტობის და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებაა. ამისთვის პროგრამა გულისხმობს საკვირაო სკოლების საქმიანობის მხარდაჭერას, ქართული ენისა და ისტორიის სწავლების ხელშეწყობას, ფოლკლორული ანსამბლების მხარდაჭერას და საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ხელოვანების საქმიანობის პოპულარიზაციას. პროგრამა ასევე ითვალისწინებს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე მეცნიერების, საქართველოს სამეცნიერო სივრცის განვითარებაში ჩართულობის ხელშეწყობას; უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისათვის საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის რეგულარულად მიწოდება და მათი ჩართულობის გაზრდას, როგორც საქართველოს საინვესტიციო გარემოს ასევე ტურისტული პოტენციალის რეკლამირებაში. პროგრამის მნიშვნელოვანი მიმართულებაა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე ბიზნესმენების მიერ საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების დაბანდების, აგრეთვე, მათი დახმარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა.
საქართველოს პოპულარიზაციის პროცესში დიასპორის ეფექტური ჩართულობისთვის გაფართოვდება „ახალგაზრდა ელჩების“ პროგრამის არეალი. სახალხო დიპლომატიაში თანამემამულეების ჩართვისთვის დაინერგება ხალხთაშორისი მეგობრობის პროგრამები. ხელი შეეწყობა დიასპორული ტურიზმის განვითარებას. გაიმართება დიასპორული „ოლიმპიადები“.
პროგრამის ფარგლებში ასევე შეიქმნება თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ განახლებადი ელექტრონული ბაზა. მოეწყობა სპეციალური ტრენინგები დიასპორული ორგანიზაციების მართვის ეფექტიანობის ასამაღლებლად.
დიასპორის სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობები, საქართველოს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი, დიასპორული ორგანიზაციები, მიგრაციის სფეროთი დაინტერესებული ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები. პროგრამაში გათვალისწინებული იქნა მათი მხრიდან შემოსული რეკომენდაციების დიდი ნაწილი.
სამუშაო პანელში, რომელზეც მინისტრმა დიასპორის სახელმწიფო სტრატეგიის პრეზენტაცია გამართა ასევე მონაწილებდნენ ვიცე-პრემიერი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და პარლამენტის დიასპორასთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე. პანელისტებმა ფორუმის მონაწილეების შეკითხვებს უპასუხეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0