საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უნგრეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

21/06/2017

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შანდორ საბოსთან, რომელიც ასრულებს თავის მისიას საქართველოში.

შეხვედრაზე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული დინამიური ურთიერთობები და ნაყოფიერი თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით. ხაზი გაესვა ინტენსიურ ხალხთაშორის კონტაქტებს, რასაც, მინისტრის თქმით, ხელს უწყობს საქართველოსა და უნგრეთს შორის მოქმედი პირდაპირი ფრენები, ასევე, აქტიური თანამშრომლობა განათლებისა და კულტურის სფეროებში.

ყურადღება გამახვილდა ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე საქართველოს თვალსაჩინო პროგრესსა და მიღწევებზე. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, დასაფასებელია უნგრეთის მნიშვნელოვანი წვლილი აღნიშნულ პროცესებში. თავის მხრივ, შანდორ საბომ აღნიშნა, რომ უნგრეთი საქართველოს სანდო პარტნიორად რჩება და მომავალშიც გააგრძელებს მტკიცე მხარდაჭერას მისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

შეხვედრის დასასრულს, მიხელ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა შანდორ საბოს ბოლო წლების განმავლობაში ორ ქვეყანას შორის კავშირების გააქტიურებასა და მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებაში შეტანილი წვლილისათვის და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0