საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის დელეგაცია ეწვია

02/11/2016

​საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით საქართველოს ეწვია საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის (International Trade Center) დელეგაცია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის პროგრამების კოორდინატორის ხელმძღვანელობით.

საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს გაერო-ს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციასთან (UNCTAD) და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან (WTO).

ITC დელეგაციის საქართველოში ვიზიტი რამდენიმე მიზანს ემსახურება, კერძოდ: საქართველო სრულფასოვნად ჩაერთოს აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ექვსი ქვეყნისთვის შემუშავებულ ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამაში, რომლის დაწყება დაგეგმილია 2017 წლის გაზაფხულიდან; საქართველოში, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანაში, ისეთი პროექტების განხორციელება და ხელშეწყობა, რომლებიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო საწარმოების იმგვარად განვითარებას, რომ შესაძლებელი გახდეს მათი მაქსიმალური ჩართვა საერთაშორისო სავაჭრო ქსელში; ევროკავშირთან გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით მიღებული შესაძლებლობების გამოყენების ხელშეწყობა; საქართველოში ისეთი ახალი საექსპორტო პროდუქციის იდენტიფიცირება, რომელსაც მომავალი 2-3 წლის პერსპექტივაში გააჩნია ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის პოტენციალი და მისი წარმოების ხელშეწყობა.

2 ნოემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ITC-ს დელეგაციის შემაჯამებელი შეხვედრა მინისტრის მოადგილესთან დავით ჯალაღანიასთან. შეხვედრისას დელეგაციის წევრებმა აღინიშნეს, რომ ვიზიტის ფარგლებში ჩატარებული შეხვედრებიდან გამოიკვეთა კონკრეტული თანამშრომლობის მიმართულებები და პერსპექტივები, ITC შეეცდება შეიმუშაოს ქვეყანაზე მორგებული კონკრეტული პროდუქტების ექსპორტის ხელშეწყობის გეგმა. მას შემდეგ რაც ვიზიტის შედეგების შეჯამება მოხდება ITC-ს ხელმძღვანელობასთან, მისი განხილვა მოხდება საქართველოს მთავრობასთან, რის შემდეგადაც დაიწყება პროექტის უშუალო განხორციელება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0