გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის ‘’საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლებისა და ექსტენციის სისტემების მოდერნიზება 2013-2018’’ ფარგლებში, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსია განიხილეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტრატეგიის პროექტი და სამოქმედო გეგმა განიხილეს და რეგიონულ სამმართველოს უფროსებს საპილოტე რეგიონებისთვის (რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთისა და გურიის რეგიონები) შემუშავებული კონკრეტული აქტივობები გააცნეს. სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება ფერმერთათვის ახალი ტექნოლოგიების გაცნობითა და ცოდნის გადაცემის გზით არის შესაძლებელი.
პროექტის განხილვისას ყურადღება გამახვილდა სტრატეგიის დოკუმენტის შინაარსის ძირითად მიმართულებებზე: სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის ხედვაზე, მიზნებზე და ძირითად გამოწვევებზე, სახელმწიფოს როლზე სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის განვითარების პროცესში. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ექსტენციის სისტემის ახალი მოდელის შემუშავების, საინფორმაციო-საკონსულტაციო სერვისის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.