საქართველოს ჩეხეთის სენატის პრეზიდენტი ეწვია

15/12/2018

ცოტა ხნის წინ საქართველოს ეწვია ჩეხეთის სენატის პრეზიდენტი იაროსლავ კუბერა. ჩეხ სტუმარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია დახვდა, რა დროსაც გაიმართა მათი ხანმოკლე საუბარი.მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა იაროსლავ კუბერას ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად საქართველოში ჩამოსვლისთვის. მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად.
ჩეხეთის სენატის პრეზიდენტი თელავში ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება და მონაწილეობას მიიღებს მის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში. აღსანიშნავია, რომ ჩეხეთი საქართველოს მნიშვნელოვანი მხარდამჭერია, როგორც ქვეყნის ევროპული, ისე ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ჩეხეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.
საყურადღებოა, რომ საქართველო-რუსეთის ომის 10 წლისთავზე ჩეხეთის საგარეო უწყებამ გააკეთა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება, სადაც დაგმო რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0