საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების საქმიანობისათვის საკანონმდებლო სფერო იხვეწება

06/06/2016

საქართველოს მთავრობამ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა, რომელიც საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ფუნქციებსა და საქმიანობის სფეროს აწესრიგებს. ცვლილებათა პაკეტი მთავრობის სხდომას იუსტიციის მინისტრმა წარუდგინა. კანონპროექტის მიზანი ჰუმანიტარული ორგანიზაციის საქმიანობისათვის საჭირო საკანონმდებლო გარემოს შექმნაა. ამ მიზნით არსებულ კანონებს ახალი კანონები ჩაანაცვლებს, ცვლილებები შედის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც“.

დღეისათვის აღნიშნული ჰუმანიტარული ორგანიზაციის საქმიანობას 1997 წლის 16 ოქტომბრის „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს. ამ პერიოდის შემდეგ საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის ფუნქციები გაფართოვდა, მისი საქმიანობა უფრო ეფექტური გახდა; თუმცა, საქართველოში მოქმედი კანონი სრულად ვერ ასახავს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის მიერ ეროვნული საზოგადოებებისათვის შემუშავებულ სტანდარტებს.

იუსტიციის სამინისტროში მომზადებული კანონპროექტი განსაზღვრავს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სტატუსს, უფლებამოსილებებს და მის ფინანსურ ურთიერთობას სახელმწიფოსთან.

კანონპროექტის თანახმად, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება წარმოადგენს ჰუმანიტარულ, არასამთავრობო, დამოუკიდებელ საზოგადოებრივ გაერთიანებას, რომელიც მოხალისეობის პრინციპს ეფუძნება და რომლის წევრობა ყველა მსურველს შეუძლია.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ფუნქციად განისაზღვრა შეიარაღებული კონფლიქტისა და სტიქიური უბედურებების შედეგად გამოწვეული გასაჭირის შემსუბუქება ადამიანებისათვის, მათთვის გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა; ჯანდაცვის, კატასტროფების პრევენციის, სოციალური კეთილდღეობისა და განათლების სფეროში პროგრამების განხორციელება; უსასყიდლო დონაციის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.

კანონპროექტში განმარტებულია, ასევე, მოხალისეობის ცნება და განსაზღვრულია მოხალისეთა ასაკი, რომელიც არ უნდა იყოს 14 წელს ქვემოთ. არასრულწლოვნების ინტერესების დაცვის მიზნით მათი მოხალისედ ყოფნისთვის აუცილებელია მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მხრიდან თანხმობის მიღება.

კანონპროექტი აწესრიგებს ქონებრივი ურთიერთობების იმ ფორმებს, რაც სახელმწიფოსა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის შეიძლება დამყარდეს, და განსაზღვრავს, რომ სოციალური პროგრამების განხორციელებისათვის ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ შეიძლება მიიღოს სახსრები სახელმწიფო, ადგილობრივი თუ ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან.

ცვლილებათა პაკეტი, აგრეთვე, არეგულირებს წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთავრისა და წითელი კრისტალის ემბლემებისა და სახელწოდებების გამოყენების წესს და მათი უკანონო გამოყენებისთვის ადგენს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული წესით.

კანონპროექტი შემუშავდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უწყებათაშორისი კომისიის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც ხელმძღვანელობს იუსტიციის სამინისტრო, შემდეგი სახელმწიფო უწყებებისა და ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობით: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; საქართველოს მთავარი პროკურატურა; საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი; საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო; საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის წარმომადგენელი; საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელი; საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება; საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0