საქართველოს ჰიმნი და დროშა პიონჩანგის ოლიმპიურ სოფელში

09/02/2018

პიონჩანგის ოლიმპიურ სოფელში გაიმართა საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვის ტრადიციული ცერემონია. ოლიმპიელებს და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა ოლიმპიური სოფლის მერმა, მაგიდის ჩოგბურთში 2004 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა იუ სინ მინმა. მან ისაუბრა ოლიმპიური თამაშების მნიშვნელოვან და განსაკუთრებულ როლზე მსოფლიოს ახალგაზრდების დამეგობრების, ხალხთა შორის მშვიდობის დამყარების საქმეში. როგორც მერმა აღნიშნა, 30 წლის შემდეგ სამხრეთ კორეას კვლავ ეწვია ოლიმპიური ცეცხლი, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო მრავალსაუკუნოვანი ოლიმპიური მოძრაობისა – კორეელები კი ამაყობენ იმით, რომ მასპინძლობენ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს და მსოფლიოს 93 ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენებს.
იუ სინ მინმა ტრიბუნასთან უხმო ოლიმპიურ სოფელში საქართველოს მისიის ხელმძღვანელს, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტს მამუკა ხაბარელს. აჟღერდა საქართველოს ჰიმნი და აღიმართა ჩვენი ქვეყნის ხუთჯვრიანი დროშა. ამის შემდეგ მერმა და მისიის ხელმძღვანელმა გაცვალეს სიმბოლური საჩუქრები.
გარდა ჩვენი ოლიმპიელებისა, ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ხელმძღვანელები.
შემდეგ საქართველოს დელეგაციის წევრები სრული შემადგენლობით გაემართნენ ოლიმპიური სოფლის ცენტრში აღმართული მემორიალისკენ და პატივი მიაგეს ხვადასხვა წლებში ოლიმპიური თამაშების მსვლელობისას დაღუპულთა ხსოვნას, გულისტკივილით გაიხსენეს 2010 წელს ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ტრაგიკულად დაღუპული ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი.
საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელმა, სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და საქართველოს ელჩმა კორეის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილმა ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნის აღსანიშნავად მემორიალის კონსტრუქციაზე სიმბოლური ფერადი ლენტები დაკიდეს.
2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საზეიმო გახსნის ცერემონია 9 თებერვალს, პიონჩანგის 35-ათასიან ოლიმპიურ სტადიონზე ადგილობრივი დროით 20 საათზე (თბილისის დროით – 15 საათზე) დაიწყება და 2 საათს გასტანს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0