საქართველოში არსებული ერთადერთი მკაცრი საკარანტინო ზონა, სოფელი მუშევანი გაიხსნა

01/07/2020

ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სოფელი მუშევანი გაიხსნა. 67-დღიანი მკაცრი საკარანტინო მდგომარეობის შემდეგ სოფელს წითელი ზონის სტატუსი მოეხსნა.
სოფლის მაცხოვრებლებს მიმოსვლა ყოველგვარი შეფერხების გარეშე შეეძლებათ. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მუშევანის შესასვლელთან პატრულირება დღეიდან დაასრულეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელში არაერთი პერევნციული ღონისძიება გაატარა. ყველა ოჯახს მუნიციპალიტეტმა 100 და 50-ლარიანი სასურსათო პაკეტები რამდენჯერმე გადასცა. მუშევანში ასევე აქტიურად მიმდინარეობდა საინფორმაციო კამპანია. სოფლის გახსნამდე ეპიდემიოლოგებმა PCR ტესტის მეშვეობით 66 ბიოლოგიური ნიმუში აიღეს. კორონავირუსი არცერთ მოქალაქეს არ დაუდასტურდა. სოფელში ასევე ჩატარდა თერმოსკრინინგიც.

„ორ თვეზე მეტია მუშევანის მოსახლეობას მკაცრ საკარანტინო პირობებში უწევდა ცხოვრება. საქართველოს მასშტაბით, სამწუხაროდ, ეს სოფელი ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ყველაზე მეტად დაზიანდა. სოფელში სულ კორონავირუსის 80 შემთხვევა დაფიქსირდა. საკარანტინო მდგომარეობის პერიოდის განმავლობაში, მუშევანს ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისგან ყურადღება არ მოკლებია. ბოლნისის მერიამ მოსახლეობას 100 და 50-ლარიანი სასურსათო პაკეტები რამდენჯერმე დაურიგა. მერიის თანამშრომლები, მოხალისეებთან ერთად, ყოველდღიურად სწავლობდნენ სოფლის მოსახლეობის საჭიროებებს და მასზე სწრაფ რეაგირებას ახდენენ. სამართალდამცველები კი 24-საათის განმავლობაში სოფლის საზღვრებს იცავდნენ. სოფლის გახსნამდე ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა სამიზნე ჯგუფები კორონავირუსულ ინფექციაზე PCR ტესტების მეთოდით შეამოწმეს, საბედნიეროდ ვირუსი არცერთ მოქალაქეს არ დაუდასტურდა. აღსანიშნავია, რომ მთლიან მუნიციპალიტეტში მედიკოსებმა ბიოლოგიური ნიმუშები 3700-ზე მეტ მოქალაქეს აუღეს, მათგან 1200-ზე მეტი სოფელი მუშევანიდანაა. სოფელში არსებული სტაბილური ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე კი დღეიდან მუშევანს წითელი ზონის სტატუსი მოეხსნა. მსურს თოთოეულ მედიკოსს, პოლიციელსა და მოხალისეს მუხლჩაუხრელი შრომისთვის დიდი მადლობა გადავუხადო. მოხარული ვარ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში დღეიდან არცერთი სოფელი აღარაა ჩაკეტილი“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0