საქართველოში დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ჩამოაბრძანეს

24/09/2017

საქართველოში დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ჩამოაბრძანეს. დღეს წმინდა ნაწილები ეროვნული მუზეუმიდან სამების საკათედრო ტაძარში დააბრძანეს, სადაც სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სადღესასწაულო წირვა აღავლინა.
აღსანიშნავია, რომ ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილების საქართველოში ჩამობრძანების შესახებ ინდურ მხარესთან ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, რომელშიც ჩართული იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს საპატრიარქო და ინდოეთში საქართველოს საელჩო.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხათუნა თოთლაძის განცხადებით მოლაპარაკებების შედეგად წმინდა ნაწილების საქართველოში ჩამობრძანება წარმოადგენს საქართველოსა და ინდოეთს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითს.
„ეს მართლაც ისტორიული დღეა, 400 წლის შემდეგ ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოს დაუბრუნდა. მოლაპარაკებები მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, წმინდა ნაწილების საქართველოში ჩამობრძანების შესახებ შეთანხმებას ხელი 2017 წლის აგვისტოში მოეწერა. ინდური მხარის აქტიური დახმარებით, შევძელით საქართველოში წმინდა ნაწილების ჩამობრძანება“ – განაცხადა ინდოეთში საქართველოს ელჩმა არჩილ ძულიაშვილმა.
ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები საქართველოში 6 თვის განმავლობაში დარჩება.
აღსანიშნავია, რომ წმინდა ნაწილები ინდოეთიდან საქართველოს ელჩმა არჩილ ძულიაშვილმა და სასულიერო პირებმა ჩამოაბრძანეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0