საქართველოში სამუშაო ვიზიტით ნორვეგიის სამეფოს სპეციალური ოპერაციების სარდლობის მეთაური, კონტრადმირალი ნილს იოჰან ჰოლტე იმყოფება

05/04/2017

საქართველოში სამუშაო ვიზიტით ნორვეგიის სამეფოს სპეციალური ოპერაციების სარდლობის მეთაური, კონტრადმირალი ნილს იოჰან ჰოლტე იმყოფება. დღეს ნორვეგიელი ადმირალი თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ მიიღეს.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა დელეგაციის წევრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და ყურადღება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში ნორვეგიული მხარის მნიშვნელოვან როლზე გაამახვილეს. მხარეებმა საქართველოსა და ნორვეგიას შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და მისი გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, კონტრადმირალი ნილს იოჰან ჰოლტე დელეგაციის წევრებთან ერთად ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) ეწვია, სადაც მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მარიუს ნილსენმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ცენტრის ისტორიის, სტრუქტურის, ამოცანის, შესრულებული და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა კი, ნორვეგიელ სტუმრებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმებზე, არსებულ პრიორიტეტებსა და შეიარაღებული ძალების მზადყოფნაზე ესაუბრა. მან საქართველოს ეროვნული გვარდიის განვითარებისა და JTEC-ის მუშაობის პროცესში ნორვეგიულ მხარის დახმარება ხაზგასმით აღნიშნა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0