საქართველოში სტრასბურგის სასამართლოს მინი მოდელის შექმნა მარტივი თემა არ არის და გადაწყვეტილების მიღებაზე ფიქრი ნაჩქარევია

17/03/2017

სტრასბურგის სასამართლოს მინი მოდელის შექმნა მარტივი თემა არ არის. ერთგვარად შეიძლება დუბლირების პრობლემაც გაჩნდეს, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საკონსტიტუციო კომისიაში წარდგენილ ინიციატივას, რომელიც ე.წ. ადგილობრივი სტრასბურგის მოდელის ამოქმედებას ეხება.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, ეს ძალიან რთული და კომპლექსური თემაა.
მისივე თქმით, ამ თემაზე პარლამენტში უმსჯელიათ, როდესაც სახალხო დამცველის წინადადება შევიდა.
“თუმცა ეს არ არის მარტივი საკითხი. ამას სჭირდება ძალიან ღრმა, სისტემური ანალიზი. საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს უნივერსალური ფუნქცია კონსტიტუციური მართლმსაჯულების განხორციელების და ის, რომ მას დამატებით შესძინოს ის ფუნქციები, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების გადახედვა დაიწყოს ანუ ერთგვარი მინი მოდელი შეიქმნას სტრასბურგის სასამართლოსი, ასეთი მარტივი თემა არ არის. ერთგვარად შეიძლება დუბლირების პრობლემაც გაჩნდეს, იმიტომ რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების გადასინჯვის საგამონაკლისო წესი ისედაც არსებობს. ჩვენ დავამატეთ ამ გამონაკლის წესებს კიდევ რამდენიმე პუნქტი და ამას დღეს ახორციელებს უზენაესი სასამართლო. თუ ამ ფუნქციის პარალელურ ფუნქციას ვაძლევთ საკონსტიტუციო სასამართლოს, ამას ძალიან ღრმა ანალიზი სჭირდება. მე მგონია, ცოტა ნაჩქარევია ეს პოზიცია, ნაჩქარევია ჯერ ამ გადაწყვეტილების მიღებაზე ფიქრი იქამდე, ვიდრე არ მოხდება ღრმა ანალიზი ამის აუცილებლობის. ამას სჭირდება სხვა დამატებითი რესურსი, როგორც ადამიანური, ასევე საკადრო, ასევე ფინანსური. ამავე დროს რთულიც არის იმიტომ, რომ უზენაესი სასამართლოს ამგვარი ფუნქციის გამეორება შეიძლება გარკვეული დისბალანსის შემომტანიც იყოს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ და აქვე აღნიშნა, რომ დისკუსია ამ თემაზე შეიძლება.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის დღევანდელ შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეების თანამდებობაზე განმწესებასთან დაკავშირებული საკითხები იქნება.
საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმართებით განიხილება ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს მისთვის უფლებამოსილების მინიჭებას გადასინჯოს და დაადგინოს საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კონსტიტუციურობა – საუბარია ე.წ. ადგილობრივი სტრასბურგის მოდელის ამოქმედებაზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0