საქართველოში უნდა დამთავრდეს ექსპერიმენტები მომავალი თაობის ხარჯზე

08/02/2019

პლენარული სხდომის დასაწყისში პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ „მინისტრის საათის“ ფორმატში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის დღეს, 8 თებერვალს დაგეგმილი გამოსვლა მომდევნო სასესიო კვირას გაიმართება, რომლის დეტალებზეც პარლამენტარები ბიუროს ფორმატში იმსჯელებენ.
სხდომაზე პარლამენტის წევრებმა დააზუსტეს განათლების მინისტრისათვის გუშინ დასმული შეკითხვები. რის შემდეგაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაიწყო ფრაქციების გამოსვლები.
ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წარმომადგენლის, ირმა ინაშვილის თქმით, ნებისმიერ ცივილიზებულ სახელმწიფოს სწორება უნდა ჰქონდეს მაღალი კლასის განათლების და განათლებული თაობის ფორმირებაზე ქვეყანაში.
შესაბამისად, თუ სახელმწიფოს მიზანია, აღზარდოს განათლებული თაობა, მაშინ რეფორმაც ღრმად და მეცნიერულად უნდა იყოს გააზრებული.

„საქართველოში უნდა დამთავრდეს ექსპერიმენტები მომავალი თაობის ხარჯზე. ჩვენ უნდა გავატაროთ ისეთი რეფორმა, რომელიც მოგცემს კონკრეტულ შედეგს, რომელიც გააჩენს რწმენას ჩვენს საზოგადოებაში, რომ ქართულ დიპლომს აქვს წონა და რომ ქართული საგანმანათლებლო დაწესებულებები აძლევს ჩვენს შვილებს სათანადო ცოდნას“, – განაცხადა ვიცე-სპიკერმა.

მას დაუშვებლად მიაჩნია სასკოლო საატესტატო გამოცდების გაუქმება, „მით უმეტეს რომ ამ გადაწყვეტილებას არ მოჰყოლია საჯარო განხილვა, არამედ გადაწყდა ვიწრო წრეში – ჩვენ პარლამენტი არ ვიყავით გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართული და ეს აკნინებს პარლამენტს“, – განაცხადა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა.
მისივე თქმით, ზოგადი უნარების საგანი აფასებს რამდენად ფლობს ახალგაზრდა ისეთ უნარებს, როგორიცაა კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითი აზროვნება და არასწორია ამ საგნის პრაქტიკულად ერთიანი ეროვნული გამოცდების ნუსხიდან ამოღება.

„მიგვაჩნია, რომ ზოგადი განათლების სამივე საფეხურზე და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სავალდებულოდ უნდა ისწავლებოდეს მათემატიკური ლოგიკის საფუძვლები, იგივე უნარები“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

დეპუტატმა სხდომის მონაწილეებს განათლების რეფორმასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზეც გააცნო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ ხედვა. რომან გოცირიძემ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით განაცხადა, რომ განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები არ ემსახურება ქვეყანაში განათლების განვითარებას და განათლების ხარისხის ამაღლებას. მან თავისი გამოსვლის ძირითადი ნაწილი ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის გარდაცვალების საკითხს დაუთმო. ამავე საკითხს დაუთმო თავისი ვრცელი გამოსვლა უმცირესობის წევრმა, სერგი კაპანაძემაც.
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის, ლელა ქებურიას განცხადებით, მინისტრის მიერ წარმოდგენილი მოხსენება იმაზე მიანიშნებს, რომ მმართველ გუნდს არ აქვს განათლების განვითარების გრძელვადიანი ხედვა და ამის მაგალითად დაასახელა სკოლებში არსებული ვითარება, პედაგოგთა კარიერული წინსვლის შეფერხება.
ლელა ქებურიამ უნარების გამოცდების გაუქმებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ გამოცდის გაუქმება კატეგორიულად მიუღებელია.
სასკოლო საატესტატო გამოცდების გაუქმებას ეწინააღმდეგება ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი, სერგო რატიანიც, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს გამოცდები არის ხიდი სკოლასა და უმაღლეს სასწავლებელს შორის.
სერგო რატიანმა ასევე ყურადღება გაამახვილა ია კერზაიას საკითხზე და მინისტრს მიმართა, რომ მას უნდა შეესწავლა წერილის ნამდვილობა და აუდიტი კი არ უნდა გაეგზავნა ადგილზე, არამედ რესურსცენტრში უნდა გადაემოწმებინა სკოლაში არსებული მდგომარეობა.
ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი თავის გამოსვლაში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე ზუგდიდის მეექვსე სკოლის შემთხვევასთან დაკავშირებით გუშინ გამართულ მოსმენას გამოეხმაურა.

„ჩვენ, ყველა ძალიან დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის, ქალბატონ ია კერზაიას გარდაცვალების გამო, თანადგომას ვუცხადებთ და ვიზიარებთ ამ ოჯახის მწუხარებას. მაგრამ მინდა, ასევე მწუხარება გამოვთქვა იმის თაობაზე, რომ ჩემი მოსაზრებით, ამ ტრაგიკული ფაქტის გამოყენება ხდება აბსოლუტურად პოლიტიკური სპეკულაციისათვის და მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან დიდი ამორალურობა. ამიტომ, ბატონო მინისტრო, ვფიქრობ, რომ თქვენი არგუმენტაცია საკმაოდ დამაჯერებელი იყო“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

მისი განცხადებით, დადებითად შეიძლება შეფასდეს ის ფაქტი, რომ დღეს უკვე სკოლის შეფასების სისტემასთან, ასევე მისაღებ გამოცდებთან დაკავშირებით საკითხის განხილვაში საზოგადოება ჩაერთო.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის შეფასებით, განათლების სისტემის რეფორმა უმნიშვნელოვანესი საკითხია, რადგან არსებული განათლების სისტემა ვერ პასუხობს დღევანდელ გამოწვევებსა და იმ სტანდარტებს, რომელიც მიღებულია განვითარებულ თანამედროვე ქვეყნებში, დაწყებული სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნებით და დასრულებული განათლების ხარისხით.

„უმნიშვნელოვანესია განათლების რეფორმისკენ დიდი რესურსი მივმართოთ, როგორც ადამიანური, ასევე ფინანსური. ის პოლიტიკური ძალა, ვგულისხმობ ნაციონალური მოძრაობის ძველ და ახალ განაყოფებს, რომლებმაც ფაქტობრივად დაასამარეს განათლების სისტემა, გვესაუბრება დღეს იმაზე, თუ რატომ ვახდენთ ამ სისტემის რეფორმას“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

მან ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა საგნობრივად გააკრიტიკონ მოვლენები.

„ჩვენ გვჭირდება ფუნდამენტური გარღვევები. წინააღმდეგ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყანას წარმატება არ ექნება“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრო რეფორმას სისტემურად მიუდგა და ცვლილებები განათლების ყველა საფეხურზე ხორციელდება.

„ეს აქამდეც უნდა გაგვეკეთებინა და, სამწუხაროდ, ამას დღეს უკვე მოგვიანებით ვაკეთებთ“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარე გამოცდების გაუქმების საკითხსც შეეხო. „ჩვენ ბავშვები უნდა მოვამზადოთ ცხოვრებისთვის, განვითარებისთვის და არა გამოცდებისთვის და ეს ძალიან სწორად არის დანახული სამინისტროს მხრიდან“,- აღნიშნა სოფო კილაძემ. მისი თქმით, შესაცვლელია ზოგადი უნარების ტესტებისადმი მიდგომაც.
უმრავლესობის წევრ, ალექსანდრე ქანთარიას არასწორად მიაჩნია განათლების სფეროსთან კულტურისა და სპორტის შეერთება. მისი თქმით, ეს შეცდომა უმტკივნეულოდ უნდა გამოსწორდეს და ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდეს.
ალექსანდრე ქანთარიამ თავის გამოსვლაში ზოგადი განათლების მნიშვნელობაზე და იქ არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე ისაუბრა.

„ზოგად განათლებას ძალიან მარტივად უნდა მივუდგეთ. ჩვენ თუ 4 კითხვაზე გავცემთ პასუხს, მაშინ ეს პროცესი დაიძვრება. პირველია სად ვასწავლით? რა ინფრასტრუქტურაში ვასწავლით? რამდენიმე წელია ამ მიმართულებით მართლაც გვაქვს პოზიტიური ნაბიჯები (რამდენი სკოლა აშენდა, რამდენი გარემონტდა). რას ვასწავლით? რა პროგრამებით ვასწავლით? აქ არის სწორედ დარღვევები და ამას სჭირდება მაღალი კომპეტენცია, ამას სჭირდება კვლევა. მათემატიკაზე იყო აქ საუბარი, მაგრამ რა ცოდნას ვაძლევთ ბავშვებს, რომელ კლასში რა უნდა ვასწავლოთ, იციან თუ არა მათ დაწვრილებით თავიანთი ისტორია, შემეცნებით და არა მხოლოდ საზეპიროებით, რომ მათი ცნობიერება თავისი ქვეყნის წარსულის ფესვზე გაგრძელდეს, და ვფიქრობ, ამას სჭირდება სერიოზული მიდგომა. როგორ ვასწავლით? – ჩემი აზრით, მეცხრე კლასის შემდეგ, უნდა შეფასდეს ბავშვის ცოდნა, რა ისწავლა, რა ცოდნა მიიღო სკოლაში. მეცხრე კლასის შემდეგ იწყება გზის გაყრა, ან უნდა გადავიდეს ის თავისი შეფასებებით პროფესიულ სასწავლებელში, ანდა ჩვენ უნდა მივხედოთ უკვე კოლეჯის პრინციპით და წავიდეს ცოდნის გაგრძელებით. აქ მგონია უნდა იყოს დიფერენციაცია ჰუმანიტარული და ტექნიკური თვალსაზრისით და თუ აქვს მას მიდრეკილებები, ეს მიდრეკილებები უკვე უნდა გამოიკვეთოს. შემდეგი სამი წელი შეიძლება უნივერსიტეტის ლექტორებმაც კი ჩაიბარონ გამოცდები. ამას მხოლოდ სადისკუსიოდ ვამბობ და არა გადაჭრით. მეთორმეტე კლასს როდესაც დაამთავრებს ადამიანი, უნდა იყოს ერთი ეროვნული გამოცდა და ის უნდა გასცემდეს ატესტატსაც სათანადო ქულებით, ხოლო თუ შეფასება მაღლია, ის პირდაპირ უნდა გადავიდეს უნივერსიტეტში, არჩეულ ფაკულტეტზე მისი ამ ცოდნის ქულების გათვალისწინებით. ამავე დროს ბავშვებს სჭირდებათ მოტივაცია. ვიფიქროთ ოქროს ატესტატზე, რომელიც იქნება მთელი სწავლების პროცესის ამსახველი, რომ ბავშვმა ოლიმპიადებშიც მიიღო მონაწილეობა, ყველგან თავი გამოიჩინა და მას ოქროს ატესტატით საშუალება ექნება ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში უფასო სწავლა განაგრძოს. და უმთავრესი კითხვა, – ვინ ასწავლის? რა კვალიფიკაციის, რა წარსულის, რა ნიჭისა და უნარის მქონე ადამიანი ასწავლის და შეუძლია თუ არა მას ბავშვში მართლაც შეიტანოს არა მხოლოდ გარკვეული ინფორმაცია, არამედ შეიტანოს სინათლე. ეს გაცილებით რთულია და ამას ერთი და ორი წელი არ ეყოფა, მაგრამ სწორება უნდა იყოს აუცილებლად აქეთკენ“, – განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ.

დეპუტატმა კიდევ ერთხელ წუხილი გამოთქვა ზუგდიდის სკოლის დირექტორის გარდაცვალების გამო და განაცხადა, რომ ყველაფერი გამოძიებით უნდა გაირკვეს. უმრავლესობის წარმომადგენელმა გენადი მარგველაშვილმა თავის გამოსვლაში განათლების სიტემაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი სრულად იზიარებს სამინინტროს ხედვას და იდეებს. მისი განცხადებით, განათლების კუთხით მნიშვნელოვანია შეიქმნას გამჭვირვალე იდეოლოგია, რომელიც ნებისმიერი ოჯახისთვის მისაღები იქნება და სადაც ყველა იპოვის საკუთარ თავს.
პარლამენტის წევრმა დეტალურად ისაუბრა განათლების სისტემის თითოეულ საფეხურზე და ცალკე გამოყო სკოლამდელი განათლების საგანმანათლებლო კომპონენტი და მისი მნიშვნელობა, ზოგადი განათლება და ეროვნული სასწავლო გეგმა, არაფორმალური განათლება და მისი განვითარების მიმართულებები.
გენადი მარგველაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მეტი ინვესტიცია ჩაიდოს ახალგაზრდა კადრების მოზიდვის მიზნით და ამ კუთხით, განათლების სისტემაში არაერთი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა, რაც ახალგაზრდა პედაგოგების სკოლებში ჩართვის პროცესს უწყობს ხელს.
გამოსვლის დასასრულს, პარლამენტის წევრმა ოლიმპიელი ბავშვების მიერ მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა და მოსწავლეების და მათი პედაგოგების პარლამენტში მოწვევის სურვილი გამოთქვა.
პლენარულ სხდომაზე მინისტრის გამოსვლას გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე, რომელმაც ყურადღება გაამახვილა განათლების სისტემაში არსებულ ვითარებაზე და მიმდინარე რეფორმებზე.

„მინდა ვთქვა, რომ სწორ გზაზე დგახართ როგორც რეფორმატორი მინისტრი. ამასთანავე, ძალიან კარგი იქნება, თუ თქვენ გაითვალისწინებთ პრაქტიკოსი მასწავლებლების და ქართველი თეორეტიკოსების გამოცდილებას“ – მიმართა მინისტრს სიმონ ნოზაძემ.

მისი განცხადებით, აღსანიშნავი და მისასალმებელია სკოლებში „დედა ენის“ დაბრუნების ფაქტი, რაც ინიციატორთა მხრიდან დიდ გამბედაობას მოითხოვდა. მისივე განცხადებით, გამოცდები აუცილებლად უნდა ჩატარდეს საბაზო – მე-10 კლასში და გამოცდები უნდა აღდგეს მე -11 – მე-12 კლასებშიც. მხოლოდ გამოცდები უნდა ჩაატარონ მასწავლებლებმა და მათ ის ცოდნა უნდა შეაფასონ, რომელიც მოსწავლემ შეიძინა.
რაც შეეხება უნარების გამოცდას, სიმონ ნოზაძის განცხადებით, იგი არ შეიძლება ექსტრემალურ სიტუაციაში ხდებოდეს, ამდენად, უნარების გამოცდების გაუქმებას გამართლებულად მიიჩნევს. სიმონ ნოზაძე პედაგოგიური სასწავლებლების პრობლემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ პედაგოგიური სასწავლებლების არარსებობა დიდი დანაკლისია.

„იქნებ თბილისში ან ქუთაისში აღდგეს პედაგოგიური სასწავლებელი, რომლის ბაზაზე გაიზრდებიან ახალი პედაგოგიური კადრები, მოხდება პედაგოგთა გადამზადება, გაიშლება პედაგოგიური სამეცნიერო საქმიანობა, შენარჩუნდება პედაგოგიური მემკვიდრეობა. ქართული პედაგოგიური სააზროვნებო მემკვიდრეობა არ უნდა დაიკარგოს“, – აღნიშნა ფრაქციის თავმჯდომარემ.

მან სახელმძღვანელოების პრობლემაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სახელმძღვანელოები საკმაოდ მდარე ხარისხისაა, გასაუქმებელია სახელმძღვანელოების შეწონვისა და ხარისხის ფორმულა, რადგან იგი სათანადო შედეგებს არ იძლევა.
სიმონ ნოზაძის განცხადებით, ძლიერ მოსწავლეებს ათთეთრიანი სახელმძღვანელოები ვერ გაგვიზრდიან, ძლიერ მოსწავლეებს ვერც უუფლებო და დაბალხელფასიანი მასწავლებლები გაზრდიან და, ამდენად, მისი თქმით, რეფორმა ნამდვილად დროულია.
სპორტული განათლების აუცილებლობაზე, ამ მიმართულებით მიღწეულ წარმატებებზე და ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, შოთა ხაბარელმა. მისი განცხადებით, 2012 წლიდან დაიწყო ზრუნვა სპორტის განვითარებაზე.

„ეს იყო ქვეყნის პოლიტიკური ნება. სპორტული განათლება მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის. აუცილებელია გავითვალისწინოთ რამდენად დიდ დატვირთვას ატარებს ქვეყნისთვის სპორტი, რათა არ მივიღოთ ისეთი პრეცენდენტები, იმ დაავადებების უდიდესი ნაწილი, რაც დღეს არსებობს“, – განაცხადა შოთა ხაბარელმა.

როგორც მან აღნიშნა, მმართველი ხელისუფლების პირობებში აღდგენილი იქნა სპორტის უნივერსიტეტი, რომელსაც ფინანსური მხარდაჭერა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარება სჭირდება. მისი თქმით, ცუდი მდგომარეობაა ფიზიკური აღზრდის პედაგოგობებთან დაკავშირებით, რაც განაპირობა სპორტის აკადემიის გაუქმებამ 2012 წლამდე.

„ისეთი მძიმე ზიანი, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიაყენა სპორტს, არცერთ სფეროში არ ყოფილა. მათ გააუქმეს ყველა სპორტული სკოლა, სპორტის აკადემია, სპორტის კოლეჯი, ყველა პედაგოგიურ ინსტიტუტში სპორტის ფაკულტეტი. გარკვეული წლები დასჭირდება იმას, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდეს“, – განაცხადა შოთა ხაბარელმა.

მისი თქმით, აუცილებელია სპორტი ჩამოყალიბდეს ცალკე სტრუქტურულ ერთეულად, რადგან სპორტში არის დიდი გამოწვევები და ამას ძალიან დიდი ყურადღება სჭირდება. „ეს არის ამოსავალი წერტილი“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა. პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა თავისი გამოსვლა ზუგდიდის მე-6 სკოლის შემთხვევასთან დაკავშირებით კომიტეტში გუშინ, 7 თებერვალს გამართული საკომიტეტო მოსმენის შეფასებით დაიწყო.

„ზედმეტად ექსპრესიული, ემოციური გამოსვლა, იმდენად მტკივნეულ საკითხს, რომელსაც ჩვენ ვიხილავდით გუშინ, ნამდვილად არ შეეფერება და სწორედ ეს ბადებს ეჭვებს, რომ ხდება არა მხოლოდ პოლიტიკურ მოტივებზე ბრალდებების გაჟღერება, არამედ აღნიშნული ტრაგედიის პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება“.

ამის შემდეგ მან მინისტრის გამოსვლის რამდენიმე ძირითად გზავნილზე გაამახვილა ყურადღება.

„მივესალმები, რომ წლების შემდგომ, მოხდა განათლების უწყების მხრიდან არა მხოლოდ დადასტურება, არამედ, მზაობის გამოხატვა, რომ სკოლამდელი და ადრეული განათლების სისტემის პოლიტიკის შემუშავება დაუბრუნდეს განათლების სისტემას. ასევე, სკოლის ინფრასტრუქტურაში გასამმაგებული ფინანსური ინვესტიციები არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ვისაუბრეთ 2018 წელს, მანდატურის სამსახურის რეფორმის ფარგლებში მიღებული კანონის განხორციელების პროგრესზე. ასევე, მისასალმებელია პროფესიული განათლების კუთხით საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც იწყებს ახალ ეტაპს პროფესიული სწავლების კუთხით და ამ შემთხვევაშიც, სამინისტროს აქვს კონკრეტული, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგმული, როგორც 2019 წლის საგაზაფხულო სესიაზე საკანონმდებლო ჩიხის აღმოფხვრის თვალსაზრისით, ასევე კერძო კოლეჯების დაფინანსების კუთხით. პირველად, კერძო კოლეჯები ჩადგნენ თანაბარ კონკურენტულ პირობებში საჯარო კოლეჯებთან ერთად და აღნიშნული ნამდვილად გახლავთ ჩვენი ერთობლივი მუშაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კომიტეტის თავმჯდომარე გამოეხმაურა საატესტატო გამოცდების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებასაც. მისი შეფასებით, გამოსაშვები გამოცდების არსებული პრაქტიკა განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნებს ვერ პასუხობდა. მისივე თქმით, გამართლებულია ზოგადი უნარების ტესტის სავალდებულო საგამოცდო სიიდან ამოღებაც.

„იმ ფორმით და სისტემით. რომლითაც არსებობდა საატესტატო გამოცდები, ვერ პასუხობდა განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნებს. აბსოლუტურად გამართლებულია ზოგადი უნარების ტესტის სავალდებულო სიიდან ამოღებაც, რადგან ეს არათანაბარ პირობებში აყენებდა მოსწავლეებს. დღეს იყო საუბარი, რომ ზოგადი უნარების ტესტი იყო ერთადერთი საშუალება, რათა სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის განათლება ხელმისაწვდომი გამხდარიყო. ვფიქრობ, აღნიშნულ ფორმულირებაში არის ალოგიკური ბმა, რადგან სწორედ სოციალურად დაუცველი ბავშვები იყვნენ განსაკუთრებით არათანაბარ პირობებში ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარების მომენტში, რადგან სკოლა მათ მომზადების საშუალებას არ აძლევდა და მოსწავლეებს და მათ მშობლებს უწევდათ დამატებითი ფინანსური რესურსების გაღება აღნიშნული გამოცდის ჩასაბარებლად“, – განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ.

ზუგდიდის მე-6 სკოლის შემთხვევასთან დაკავშირებით, გუშინ გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე საუბრისას, მარიამ ჯაშმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კოლეგების განცხადება, თითქოს მოსმენა მმართველი გუნდის მხარდამჭერი მასწავლებლების გამოთქმების ფონზე მიმდინარეობდა – ტყუილია. მისივე თქმით, კომიტეტის თითქმის ყოველ სხდომას ესწრებიან ოპოზიციის მხარდამჭერები.

„პრაქტიკულად, კომიტეტის თითოეულ სხდომაზე, გვყავს მოწვეული სტუმრები ოპოზიციის მხრიდან და ეს არის აბსოლუტურად მიღებული პრაქტიკა. გუშინ, გიორგი ვაშაძის მოთხოვნის საფუძველზე, გვყავდა მისი პარტიის წარმომადგენელი, გვყავდა სტუმრები, რომლებიც იყვნენ „ევროპული საქართველოს“ და ჩვენი სხვა კოლეგების მიერ მოწვეულნი, ასევე, პოლიტიკურად სხვა განწყობების მქონე პედაგოგები, რომელთათვისაც, ისევე, როგორც საზოგადოების ნებისმიერი წევრისთვის, აბსოლუტურად ღიაა კომიტეტი განხილვებისთვის, რადგან ჩვენ არ უნდა გავურბოდეთ კრიტიკულ შეფასებებს და კითხვებს, რადგან განხილვების გარეშე წარმოუდგენელია ცვლილებების განხორციელება“ – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

დეპუტატმა ია კერზაიას ოჯახსა და კოლეგებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ზუგდიდის მეექვსე სკოლის ინსპექტირების საკითხთან დაკავშირებით, საკომიტეტო მოსმენა ჯერ კიდევ დეკემბერში ჩაინიშნა, თუმცა, მისივე თქმით, კოლეგებმა ოპოზიციიდან, სხდომის ჩატარების საშუალება არ მისცეს.

„ვფიქრობ, რომ ის საზოგადოება, რომელიც აკვირდებოდა გუშინდელ განხილვებს, ჯანსაღად შეაფასებს პოლიტიკურ მოტივებს და კიდევ ერთხელ, მინდა, რომ ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციები დავაშოროთ ადამიანურ ტრაგედიებს“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნდა გამოირიცხოს განათლების სისტემაში პოლიტიკური ზეწოლის შესახებ კითხვების დასმის შემთხვევებიც კი. აღნიშნულთან დაკავშირებით, მარიამ ჯაშმა მინისტრს სამი ძირითადი რეკომენდაციით მიმართა.

„ე.წ. მორატორიუმის გამოცხადება საარჩევნო პროცესში – ეს გახლდათ მინისტრის ინიციატივა, რომელსაც მე აბსოლუტურად ვიზიარებ. ჩვენ საარჩევნო პროცესი უნდა გავათავისუფლოთ, განსაკუთრებით, დაუგეგმავი ინსპექტირების პროცესისგან, რომ არ გაჩნდეს თუნდაც თეორიული კითხვები პოლიტიკური სიმპათიებით სკოლების შემოწმებასთან დაკავშირებით. ნებისმიერ პედაგოგს, დირექტორს ან სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომელს აქვს კონკრეტული პოლიტიკური სიმპათიების დაფიქსირების თავისუფალი არჩევანი. თუმცა, არც ხელისუფლების მომხრე და არც ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებს არ აქვთ უფლება, პოლიტიკა შეიტანონ სკოლაში.
მეორე რეკომენდაცია გახლდათ საიდენტიფიკაციო. რამდენადაც მაცნობეს, სერგი კაპანაძის მიერ წარმოდგენილი ჩანაწერი არის 5 თუ 7 წუთიანი, არის გარკვეული მონტაჟი და ვფიქრობ, მინისტრი აღნიშნულთან დაკავშირებით შეფასებას გააკეთებს. ნებისმიერ შემთხვევაში, საიდენტიფიკაციო მოწმობა არის აუცილებელი, უნდა გახდეს აუცილებელი განათლებაში ნებისმიერი განცხადების ჩაბარების დროს. მესამე – დღეს ჩემმა კოლეგამ, ქალბატონმა ლელა ქებურიამ აღიარა, რომ ხდებოდა სისტემური დანაშაული, როდესაც ხდებოდა პოლიტიკური სკოლის ადმინისტრაციის დაბარება და შემდგომ გათავისუფლება. გუშინ, ასევე, ბატონმა ოთარ კახიძემ და ბატონმა ნიკა მელიამ მიანიშნეს სუს-ში და განათლების უწყებაში დაწერილი წერილების ალბათობაზე და იმ პრაქტიკაზე, ალბათ, რომელიც ხდებოდა ადრე. დღეს ჩვენ, განათლების სისტემაში, გვყავს ადამიანები, რომელთაც პოლიტიკურ იარაღად იყენებდნენ წინა ხელისუფლებაში. ჩვენ შეგვიძლია, შევაფასოთ ისინი სისტემის მსხვერპლად, თუმცა, განათლების სისტემა არის უაღრესად სენსიტიური სექტორი და იმისთვის, რომ გამოვრიცხოთ ყოველგვარი პოლიტიკური ინტერპრეტირების საშუალება, რჩევა იქნება და მოგმართავთ თხოვნით, რომ გადახედოთ საკადრო პოლიტიკას ინსპექტირების სამსახურში, განათლების უწყებაში“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

გამომსვლელების შემდეგ, პარლამენტის ტრიბუნა კვლავ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა დაიკავა და პარლამენტში ორდღიანი გამოსვლის შედეგები შეაჯამა.

„დღენახევარი, რასაც აქ ვუყურებ შეურაცხყოფას, ტყუილს, მონტაჟს და ცილისწამებას, ამ ყველაფერზე მაქვს დე ჟავიუს შეგრძნება, რომ ვცხოვრობ 9 წლის წინ. ამიტომ, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „ქართულ ოცნებას“, რომ დღეს, როდესაც აქედან გავალ, მე აღარ ვიცხოვრებ 9 წლის წინ. მე ვცხოვრობ სრულიად განსხვავებულ ქვეყანაში, სადაც ადამიანებს აქვთ აზრის გამოთქმის უფლება და იმის უფლება, რომ დღენახევარი ერთად შეგვიძლია ვუსმინოთ ფარულ ჩანაწერს და პასუხი გავცეთ ღირსეულად, ისე, როგორც ჩვენ შეგვეფერება. მე მჯერა, რომ ის გზა, რაც ჩვენ ავირჩიეთ, არის მიმართული მხოლოდ რეფორმებისკენ და ამას ალტერნატივა არა აქვს“, – განაცხადა მინისტრმა.

საკითხის ამოწურვის შემდეგ, პარლამენტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული კანონპროექტები განიხილა. პირველი მოსმენით განიხილეს „საქართველოს სისხლის სამართლის აპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე მიხეილ სარჯველაძემ წარადგინა.
მან პარლამენტს კანონპროექტის ძირითადი არსი გააცნო. კანონპროექტის თანახმად, ფართოვდება სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლების ჩამონათვალი, რომელიც მოცემულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში და ითვალისწინებს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესაძლებელობას. ამ მუხლების ჩამონათვალს ემატება მთლიანი თავი (თავი XXXIX) სამოხელეო დანაშაულის შესახებ.
საქართველოს კანონის პროექტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ითვალისწინებს ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების, პრეკურსორების, უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ჩამონათვალში ახალი ნივთიერებების დამატებას.
კანონპროექტი პირველი მოსმენით განსახილველად სხდომაზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე ზაზა ბოხუამ გამოიტანა.
პარლამენტის წევრმა გედევან ფოფხაძემ კოლეგებს პირველი მოსმენით განსახილველად წარუდგინა კანონპროექტი „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
წარმოდგენილი ცვლილებით, ბიზნესომბუდსმენს ენიჭება უფლებამოსილება ადმინისტრაციული ორგანოდან გამოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია (დოკუმენტი) გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა.
კანონის პროექტით აგრეთვე, ფართოვდება ბიზნესომბუდსმენის უფლებამოსილება „სასამართლო მეგობრის“ ფუნქციის შესრულების ნაწილში. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოსთან ერთად, ბიზნესომბუდსმენს ექნება საერთო სასამართლოების სისტემაში ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) ფუნქციის შესრულების შესაძლებლობა.
კანონპროექტების განხილვის შემდეგ პარლამენტის სხდომამ მუშაობა დაასრულა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0