საქართველოში ჩინური ახალი წელი აღნიშნეს

22/01/2018

ჩინეთის სავაჭრო პალატის ორგანიზებით, სასტუმრო “ჰუალინგ პრეფერანსში” ჩინური ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც დიპლომატები, ბიზნესმენები და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბატონი ძი იენჩი დაესწრენენ.
დღესასწაული ტრადიციულად დრაკონისა და ლომის ცეკვებით აღინიშნა. როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სრულუფლებიანმა ელჩმა ბატონმა ძი იენჩმა განაცხადა – ის მოხარულია, რომ შეიკრიბნენ, რათა ერთად შეეგებნონ მთვარის კალენდრის მიხედვით ჩინური ახალი წლის დადგომას.

„ჩვენ ქვეყნებს შორის მეგობრობა საუკუნოდ გაგრძელდება, თითოეულ თქვენგანს ვუსურვებ ულევ სიხარულსა და ყოველივე საუკეთესოს. 2017 წელი ჩინურ-ქართული ურთიერთობების სწრაფი განვითარებისა და ნაყოფიერი შედეგების მომტანი წელი იყო. გასული წელი ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთობებში განსაკუთრებული იყო, რადგან ძალიან მნიშვნელოვან შედეგს მივაღწიეთ და ეს შედეგი გამოიხატა „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ ხელშეკრულების ხელმოწერით, რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის 1 იანვრიდან”, – აღნიშნა მან.

“ჩინური ახალი წელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოსავლური დღესასწაულია, რომელიც უკვე დიდი ხანია, რაც აღინიშნება არა მარტო აზიურ ქვეყნებში, არამედ მთელ მსოფლიოში. მას გაზაფხულის ფესტივალსაც უწოდებენ. დღეს აქ იმყოფებიან ჩინელი ბიზნესმენები, რომლებიც მოღვაწეობენ საქართველოში. ასევე, თავიანთი ხელოვნების ნიმუშები წარმოადგინეს საქართველოში მცხოვრებმა ჩინელებმა. მიმდინარე წელს ჩინელები წლის დადგომას 16 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით აღნიშნავენ, თუმცა, საქართველოში მოღვაწე ჩინელებმა ის 21 იანვარს ოფიციალური ღონისძიებით აღვნიშნეთ”, – განაცხადა საქართველოში ჩინეთის სავაჭრო პალატი სგენერალურმა მდივანმა სტივ იუმ.

ჩინურ ახალ წელს ცვალებადი თარიღი გააჩნია, რადგან ის მთლიანად დამოკიდებულია მთვარის კალენდარზე. ეს დღესასწაული შეიძლება გაიმართოს ყოველი წლის ნებისმიერ დღეს 21 იანვრიდან 21 თებერვლის შუალედში. 2018 წელს ყვითელი ძაღლის წელი დადგება 16 თებერვალს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0