საქართველო გახდება ნატო-ს წევრი იმიტომ, რომ ასეა საჭირო

11/05/2016

საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი და გახდება იმიტომ, რომ ამისთვის არაერთმა ქართველმა ჯარისკაცმა, არაერთმა პოლიტიკოსმა, ისევე როგორც მთელმა ქართულმა საზოგადოებამ მტკიცე და თამამი ნაბიჯები გადადგა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ვაზიანში სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016” გაიხსის ცერემონიაზე.
პრეზიდენტმა ქართველ სამხედროებს, ასევე პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს მიმართა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. გიორგი მარგველაშვილმა სამშვიდობო მისიების დროს საქართველოს წვლილსა და დამსახურებაზეც ისაუბრა.

“დღეს ერთმანეთის გვერდით დგანან ჯარისკაცები, რომელთაც თავისი ღირსებით, თავისი შემართებით, თავისი ბრძოლისუნარიანობით ასახელეს თავისი სამშობლო სხვადასხვა საბრძოლო ოპერაციების დროს. ესენი არიან ქართველი, შეერთებული შტატების და გაერთიანებული სამეფოს ჯარისკაცები. დღეს ეს ადამიანები სწორედაც რომ ღირსეული თანამებრძოლების სახით დგანან ქართულ მიწაზე,” – განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს ინგლისურ ენაზეც მიმართა და აღნიშნა, რომ სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებიან იმ მიწაზე, რომლის თითოეული მტკაველიც, საუკუნეების განმავლობაში ქართველების დაცვის ქვეშ იმყოფებოდა.

”ჩვენ ვთქვით, რომ მეტი საქართველო იქნება ნატო-ში და მეტი ნატო იქნება საქართველოში და ამას ჩვენ ვახორციელებთ, როგორც საერთაშორისო მისიებში, ასევე უკვე ჩვენს მშობლიურ ტერიტორიაზე. საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი. გახდება იმიტომ, რომ ამისთვის არაერთმა ქართველმა ჯარისკაცმა, არაერთმა პოლიტიკოსმა, ისევე როგორც მთელმა ქართულმა საზოგადოებამ მტკიცე და თამამი ნაბიჯები გადადგა. გახდება იმიტომ რომ ჩვენ ერთად ვდგავართ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად. გახდება იმიტომ რომ ასეა საჭირო უფრო სტაბილური მსოფლიოსთვის,” – განაცხადა მარგველაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0