საქართველო ევროპაში, ევროკავშირის მიმართ ყველაზე ენთუზიასტი ქვეყანაა

25/11/2017

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ევროპის საქმეთა სახელმწიფო მინისტრმა მიხაილ როთმა და საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ბრიუსელის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის დღეს გამოცემა Euroactive-ში ერთობლივი ოპედი გამოაქვეყნეს. საგაზეთო პუბლიკაციაში მინისტრები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მიზნებზე და სამომავლო ამოცანებზე საუბრობენ.

მინისტრების განცხადებით „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ მხოლოდ მაშინ იქნება წარმატებული, თუ ხალხი იგრძნობს და დაიჯერებს მის პოზიტიურ შედეგებს და დაინახავს კონკრეტულ გაუმჯობესებას ყოველდღიურ ცხოვრებაში. მიხაილ როთისა და მიხეილ ჯანელიძის განცხადებით საერთო მომავალი ერთიან ევროპაშია.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოში, რომელიც მოწინავე ქვეყანაა ევროპული რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით, ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების საკითხში ხალხის მხარდაჭერამ 80%-ს გადააჭარბა, რაც დღესდღეობით საქართველოს ევროპაში, ევროკავშირის მიმართ ყველაზე ენთუზიასტ ქვეყანად ხდის.

მინისტრები ერთობლივ ოპედში ასევე აღნიშნავენ, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ აერთიანებს ექვს ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულ პარტნიორ ქვეყანას – განსხვავებულს როგორც არსებული მდგომარეობით, ასევე მათი მისწრაფებებით. მინისტრების განცხადებით ევროკავშირი აღიარებს დაინტერესებული პარტნიორი ქვეყნების ევროპულ მისწრაფებებს და ევროკავშირმა უნდა უპასუხოს აღნიშნულ განსხვავებებს და მოახდინოს მისი ინსტრუმენტების ადაპტირება და მორგება თითოეულ ინდივიდუალურ კონტექსტზე.

მიხაილ როთი და მიხეილ ჯანელიძე საგაზეთო პუბლიკაციაში 5 ინიციატივას გამოყოფენ, რომელიც ხელს შეუწყობს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატის კიდევ უფრო მეტ წარმატებას. როგორც მინისტრები აღნიშნავენ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რეფორმების დღის წესრიგი მიზნად ისახავს ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებას და ყურადღების გამახვილებას მათ საჭიროებებზე. მიხაილ როთი და მიხეილ ჯანელიძე ინიციატივებში ასევე გამოყოფენ კონკრეტულ სამომავლო ნაბიჯებზე კონცენტრირებას, ახალგაზრდა თაობის პოტენციალის წახალისებას, რეფორმების გაგრძელებას და საერთო თანამშრომლობის ჩარჩოში ინდივიდუალურ მიდგომების აუცილებლობას.​

Tweet about this on TwitterShare on Facebook0