საქართველო იყო და დარჩება აბრეშუმის გზის შემადგენელი ნაწილი

14/05/2017

“საქართველო იყო და დარჩება აბრეშუმის გზის შემადგენელი ნაწილი. საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ფინანსურ ინვესტიციებს ახორციელებს ქვეყნის ძირითად ინფრასტრუქტურაში“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა პეკინში, საერთაშორისო კონფერენციაზე „ერთი გზა ერთი სარტყელი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში ჩატარებულ თემატურ სესიაზე, რომელიც აბრეშუმის გზის ქვეყნების ფინანსური თანამშრომლობის საკითხებს შეეხებოდა.
საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან ერთად, სესიაში მონაწილეობა მიიღო გაერთიანებული სამეფოს ფინანსთა მინისტრმა, ფილიპ ჰამონდმა, უნგრეთის ეროვნული ეკონომიკის მინისტრმა მიჰალი ვარგამ, აგრეთვე ინდონეზიის ფინანსთა მინისტრმა, შრი მულიანი ინდრავატიმ, პაკისტანის ფინანსთა მინისტრმა, მოჰამად იშად დარმა, აგრეთვე, აზიის ინფრასტრუქტურის განვითარების ბანკის, ახალი განვითარების ბანკის, ჩინეთის განვითარების ბანკისა და ეიჩესბისი ჰოლდინგის აღმასრულებელმა დირექტორმა.
თავის გამოსვლაში, პირველმა ვიცე-პრემიერმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს მთავრობის აქტიურ პოლიტიკაზე ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. მისი განცხადებით, საქართველო ისტორიულად იყო და დღესაც რჩება აბრეშუმის გზის განუყოფელ ნაწილად. მისი თქმით, უმოკლესი გზა ჩინეთიდან ევროპამდე სწორედ საქართველოზე გადის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0