საქართველო-ნატოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს შეხვედრა გაიმართა

22/02/2017

20-21 თებერვალს, ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში, საქართველო-ნატოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს (GNIC) შეხვედრა გაიმართა. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლებმა, რომლის შემადგენლობაში სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია შედიოდა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს. მათ შორის, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ, პაოლო ალისასთან და გენერალურ მდივან დევიდ ჰობსთან, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელ, ჯეიმს აპატურაისთან, ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე ტაჩან ილდემთან, საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს წევრებსა და ალიანსში გერმანიის, ლიტვის, თურქეთის მუდმივ წარმომადგენლებთან და აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილესთან.
მხარეებმა საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის პროცესი, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები განიხილეს.
შეხვედრებზე ყურადღება 2017 წლის 26-29 მაისს, საქართველოში დაგეგმილ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მნიშვნელობას და ღონისძიებისთვის მზადების პროცესზე გამახვილდა.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის პირველი მოადგილის ირაკლი ბერაიას შეფასებით – საქართველო არასდროს არ ყოფილა ისე ახლოს ნატოსთან, როგორც დღეს, როგორც პოლიტიკური დიალოგის, ასევე, პრაქტიკული თანამშრომლობის კუთხით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0