საქართველო ნატოს OCC E&F პროგრამის კონფერენციას პირველად მასპინძლობს

04/10/2017

„ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის (OCC E&F)“ ყოველწლიურ კონფერენციას საქართველო პირველად მასპინძლობს.
კონფერენციის მონაწილე ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ სიტყვით მიმართა. გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ ყურადღება OCC E&F პროგრამაში საქართველოს მონაწილეობაზე გაამახვილა.
კონფერენციაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს OCC E&F პროგრამაში გაცხადებული ჰყავს ორი მსუბუქი ქვეითი ასეული, რომელთაგან ერთმა შეფასების ყველა ეტაპი სრულად გაიარა და ამ დროისთვის ნატოს რეაგირების ძალების (NRF) შემადგენლობაშია. მეორე მსუბუქი ქვეითი ასეული კი, 2018 წელს გაივლის შეფასების ბოლო ეტაპს, რის შემდეგაც ნატოს რეაგირების ძალების (NRF) შემადგენლობაში პირველ ასეულს ჩაანაცვლებს. პოლკოვნიკ ნიკოლოზ ჯანჯღავას შეფასებით, პროგრამა უზუნველყოფს მასში გაცხადებული ქვედანაყოფების ნატოსთან თავსებადობის გაზრდას.
კონფერენციის მონაწილეებმა თანამშრომლობის მიღწევები დადებითად შეაფასეს და სამომავლო გეგმები განიხილეს.
OCC E&F პროგრამის კონფერენცია ნატოს ეგიდით ყოველწლიურად იმართება სხვადასხვა პარტნიორ ქვეყანაში, რომელსაც გაცხადებული ჰყავს საკუთარი ქვედანაყოფები ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამაში. კონფერენცია სასტუმრო „ბილთმორში“ მიმდინარეობს და ხვალ დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0