საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მრავალფეროვანი პროგრამით წარდგება

10/10/2017

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსის გადაცემა, საქართველოს პირველი ოფიციალური პრესკონფერენცია, თანამედროვე ქართველი ავტორების მარათონი, კლასიკოსი მწერლების ახალი თარგმანების პრეზენტაციები – საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მრავალფეროვანი პროგრამით წარდგება.
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 10-15 ოქტომბერს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, 15-მდე სხვადასხვა შინაარსისა და თემატიკის ღონისძიებაა დაგეგმილი.
წელს პირველად გაიმართება თანამედროვე ქართველი ავტორების ლიტერატურული მარათონი, რომელშიც ზურაბ ქარუმიძე (Dagny or A Love Feast), ნესტან (ნენე) კვინიკაძე (ისპაჰანის ბულბულები), ბექა ადამაშვილი (ბესტსელერი), სალომე ბენიძე (ქალაქი წყალზე) და ლაშა ბუღაძე (Lucrecia515) საკუთარ უახლეს გერმანულენოვან თარგმანებს წარადგენენ. დაგეგმილია ქართველი კლასიკოსი მწერლების ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსების კრებულისა და გრიგოლ რობაქიძის „კავკასიური ნოველების“ თარგმანების პრეზენტაციები. ქართული პროგრამის ფარგლებში, ჩატარდება გერმანია-საქართველოს წლისადმი მიძღვნილი დისკუსია, ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრსა და LTI Korea-ს შორის, გაიმართება საქმიანი შეხვედრები ქართველ და უცხოელ გამომცემლებს შორის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0