საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გაფორმდა

13/05/2017

პეკინში საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და ჩინეთის კომერციის სამინისტროს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და ჩინეთის კომერციის მინისტრმა ჟონგ შანმა მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პირველი ვიცე–პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე, ასევე საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, ვისთანაც ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმა. „საქართველო არის პატარა და ღია ეკონომიკის ქვეყანა, ჩინეთი არის ის სახელმწიფო, რომელთანაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ექსპორტი პერმანენტულად გვეზრდება. ჩვენ ძალიან დიდ პოტენციალს ვხედავთ მსგავს დიდ ეკონომიკებთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების გაფორმებაში, რადგან ვთვლით, რომ საქართველო უნდა გახდეს ყველაზე ხელსაყრელი, კომფორტული და მიმზიდველი პლატფორმა დიდ ეკონომიკებს შორის ვაჭრობისთვის. ასევე ობიექტურად გვესმის, რომ ჩვენი საექსპორტო პოტენციალი გარკვეულწილად შეზღუდულია და ამ ხელშეკრულების მნიშვნელობას ჩვენ არ ვაფასებთ მხოლოდ ექსპორტის მიმართულებით, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ვიყოთ ეფექტური სავაჭრო პლატფორმაც. ამისთვის დღეს გაფორმებულ ხელშეკრულებას აქვს ძალზედ დიდი მნიშვნელობა და ჩვენ ეფექტურად უნდა გავაგრძელოთ მათი გაფორმებისთვის მუშაობა სხვა ქვეყნებთანაც“ – აღნიშნა გიორგი გახარიამ. ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც აერთიანებს დაახლოებით 1,4 მილიარდ მომხმარებელს. ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე დამატებითი საბაჟო გადასახადის გარეშე შეიტანონ. „ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული დღეა საქართველოსთვის საერთაშორისო ინვესტიციების, ვაჭრობისა და ხლხთაშორის ურთიერთობების განვითარებისთვის. ეს არის შეთანხმება, რომელსაც ახალ, გაცილებით უფრო მაღალ დონეზე აყავს ურთიერთობები საქართველოსა და ჩინეთს შორის. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყო 2015 წლის მარტში, როდესაც მაშინდელმა ვიცე–პრემიერმა, ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩინეთის კომერციის მინისტრთან თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით შესაძლებლობების შესწავლის მემორანდუმს მოაწერა ხელი და დღეს უკვე მივიღეთ შეთანხმება, რომელსაც აბსოლუტურად ახალ დონეზე გადაყავს ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის. მინდა როგორც ქართულ, ისე ჩინურ ბიზნესს მივულოცო ამ მნიშვნელოვანი შეთანხმების გაფორმება“ – განაცხადა ხელმოწერის დასრულების შემდეგ დიმიტრი ქუმსიშვილმა. ხელშეკრულების ფარგლებში ჩინეთში იმპორტისას ქართული პროდუქციის დაახლოებით 94 პროცენტი გათავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან. საექსპორტო პროდუქციას შორისაა ღვინო, თხილი, თაფლი, მინერალური წყალი, ლუდი, უალკოჰოლო სასმელები, ჯემები, წვენები, ბოსტნეული, ხილი, შოკოლადის ნაწარმი, ჩაი, თევზი და სხვა ზღვის პროდუქტები, მარცვლეული, სამკურნალო საშუალებები, კაბელები, პლასტმასის პროდუქცია, აზოტოვანი და მინერალური სასუქების სახეობები, ფეროსილიკომანგანუმი, ლოკომოტივები და ა.შ. აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები რეკორდულად მოკლე დროში – 7 თვეში დასრულდა. გადაწყვეტილება საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ 2015 წლის 10 სექტემბერს ჩინეთში, ქ. დალიანის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოსა და ჩინეთის პრემიერ-მინისტრებს შორის გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. მხარეებს შორის სულ მოლაპარაკებების სამი რაუნდი და ორი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც განიხილეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ისეთი საკითხები, როგორიცაა საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობა, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები, ვაჭრობის ტექნიკური ბარიერები, ვაჭრობაში დაცვითი ზომები, წარმოშობის წესები, ინსტიტუციონალური დებულებები და გარემოს დაცვის საკითხები. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ძირითადი ნაწილის დასრულება გათვალისწინებული იყო 2016 წლის ბოლოსთვის, თუმცა მხარეებს შორის ეფექტიანი და ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, აღნიშნული მოლაპარაკებების ძირითად ნაწილზე შეთანხმება მიღწეულ იქნა სამ რაუნდში. ჩინეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. საქართველოსა და ჩინეთს შორის ბოლო სამი წლის განმავლობაში ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები ზრდის ტენდენციით გამოირჩევა. 2016 წლის მონაცემებით, ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს პარტნიორ ქვეყნებს შორის ბრუნვის მიხედვით მე-4 პოზიციაზეა, ხოლო ექსპორტის მიხედვით მე-3 ადგილზეა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პროდუქციის ექსპორტის ზრდა, როგორიცაა: ღვინო, სპირტიანი სასმელები, ლუდი, მინერალური წყლები და სხვა. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა, დაამყარა ჩვენს ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობები და გახსნა საელჩო თბილისში. ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველო-ჩინეთის ორმხრივ ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ფორმატია მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისია, სადაც განიხილება სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. ჩინეთს სულ გაფორმებული აქვს 14 თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება მსოფლიოს 24-ზე მეტ სახელმწიფოსა და რეგიონთან და ამ სიას საქართველოც დაემატა. საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გაფორმებული აქვს ევროკავშირთან, თურქეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან და ჩინეთთან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0