საქართველო წარმატებით ახორციელებს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ რეფორმებს

13/02/2019

სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“, საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია – „5 წელი ასოცირების ხელშეკრულებიდან“, რომლის ფარგლებშიც წარდგენილ იქნა სამოქალაქო საზოგადოების მიერ მომზადებული შეფასება, საქართველო-ევროკავშირის 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგის მოკლევადიანი პრიორიტეტების შესრულების თაობაზე.
კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა და ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი.
ვახტანგ მახარობლიშვილმა საკუთარ გამოსვლაში ისაუბრა, რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ რეფორმებს, რაც ყველა მიმართულებით ევროპული სტანდარტების დანერგვას, ქვეყნის დემოკრატიულ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას და ზოგადად, საქართველოს თანამედროვე ევროპულს სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას ემსახურება.
მან ასევე აღნიშნა, რომ სამოქალაქო საზოგადოება აქტიურად მონაწილეობს ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში და არასამთავრობო სექტორს მათი ჩართულობისათვის მადლობა გადაუხადა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდა საქართველოს სახელმწიფო უწყებების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0