საქართველო 2013 წლიდან ახორციელებს სისტემურ რეფორმებს და მტკიცედ მიისწრაფვის ევროპული ინტეგრაციისკენ

13/06/2017

საქართველო 2013 წლიდან ახორციელებს სისტემურ რეფორმებს და მტკიცედ მიისწრაფვის ევროპული ინტეგრაციისკენ, – ამის შესახებ ეკა ბესელიამ ბუდაპეშტში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებულ მეორე რეგიონულ კონფერენციაზე განაცხადა, რომლის თემაა: „ეროვნული პარლამენტების როლი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების იმპლემენტაციაში“.
დღეს, კონფერენციის ფარგლებში გამართულ სესიას – „კანონპროექტების თავსებადობა ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლის სტანდარტებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულება“, ეკა ბესელია თავმჯდომარეობდა. მან, როგორც საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ევროსასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების ზედამხედველობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ გამართა პრეზენტაცია თემაზე: „საქართველოს პარლამენტის საზედამხედველო როლი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში“.
ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტმა 2016 წელს, მისი ინიციატივით, როდესაც იგი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტრეგრაციის კომიტეტს ხელმძღვანელობდა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებისა და აღსრულების ეფექტური ზედამხედველობის მექანიზმების ჩამოყალიბების საკითხებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა.
მისივე თქმით, საქართველოს მიერ 2013 წლიდან გატარებული სისტემური რეფორმების მიზნები იყო: სწრაფი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაცია ევროპასთან, საერთაშორისო ხელშეკრულებებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება, კანონის უზენაესობის პრინციპის განმტკიცება და ადამიანის უფლებების დაცვა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ 2012 წლამდე საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არაერთი გამოწვევა ჰქონდა, მათ შორის: ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევები, საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გამოყენების პრაქტიკისა და ინსტიტუციური გამოცდილების არარსებობა.
ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ 2013 წლიდან, ხელისუფლების ცვლილებების შემდეგ, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა მთავარ პრიორიტეტად გამოცხადდა და შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის 7-წლიანი ეროვნული სტრატეგია, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა. ასევე, დაინერგა ახალი საპარლამენტო კონტროლის ფორმატები.
„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით და ვცდილობთ, პარლამენტი, რომელიც მხოლოდ საქართველოს მთავრობის პარტნიორი იყო, გადაგვექცია რეალური საპარლამენტო კონტროლის მქონე ინსტიტუტად”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, რეფორმების შედეგად მიღებული შედეგების გათვალისწინებით, საქართველო ძალიან წარმატებული მაგალითია.
„ჩვენ 2013 წლიდან დავნერგეთ მთავრობის საქმიანობაზე საპარლამენტო ზედამხედველობის ახალი სტანდარტი. ეს კარგი პრაქტიკა ავსახეთ ცვლილებებში, რომელიც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში 2016 წელს დავამტკიცეთ. ჩვენ ორიენტირებული ვართ მყარი ინსტიტუციური პრაქტიკის ჩამოყალიბებაზე, რომელიც უპასუხებს ადამიანის უფლებათა დაცვის უახლეს საერთაშორისო სტანდარტებს“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ გაიზარდა პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია, პარლამენტში შეიქმნა საკომიტეტო მოსმენების სპეციალური ფორმატები, ხოლო 2016 წელს პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები, რომელიც საზედამხედველო როლის გაზრდას ეხება, ვესტმინსტერის დემოკრატიული განვითარების ფონდისა და ბრიტანელი ექსპერტების რეკომენდაციით მომზადდა.
ეკა ბესელიამ კონფრენეციის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ახალი, 2017-18 წლის სამოქმედო გეგმა გააცნო, რომელიც ევროსასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე საპარლამენტო კონტროლთან დაკავშირებით ცალკე თავს მოიცავს.
ქართველმა დეპუტატმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შეტანილ ცვლილებებზე, რომელიც შეეხება გაეროს საზედამხდეველო ორგანოების წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებაზე და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების და განჩინებების აღსრულებაზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელებას. ეკა ბესელიამ ღონისძიების მონაწილეებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების სტატისტიკაც გააცნო.
მისივე განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში მზადდება სპეციალური ანგარიში, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების თემას ეხება და მასში მოცემულია ყველა ის ქვეყანა, რომელსაც ამ კუთხით საკმაოდ ცუდი მაჩვენებლი აქვს.
„გამოთქმულია შეშფოთება დაახლოებით 10 ათასი აღუსრულებელი გადაწყვეტილების გამო, მათ შორის ეს ეხება სიცოცხლის უფლებას, წამების აკრძალვას, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებას. ეს საქმეები არ აღსრულებულა ბოლო 5 წელი. მიზეზები სხვადასხვაა, სახელდება პოლიტიკური ნების არ არსებობა, საკანომდებლო ხარვეზები და სხვა. მინისტრთა კომიტეტი და ასამბლეა გამოთქვამს შეშფოთებას ამის გამო არაერთ რეზოლუციაში, რომელიც უკვე მიღებულია“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მინისტრთა კომიტეტმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებათა იმპლემენტაციის მხრივ საქართველომ პროგრესი აჩვენა – მრგვალი მაგიდის, იურიდიული ექსპერტების, ანალიზის, შეხედულებების გაზიარების და სასწავლო პროგრამების დანერგვის მეშვეობით. მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტი გეგმავს დანერგოს კარგი პრაქტიკა და გააძლიეროს საპარლამენტო კონტროლი.
ეკა ბესელიას განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია რეკომენდაციები, რომელიც მოცემულია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციებში და ყველა წევრ ქვეყანას ეხება.
„საჭიროა ევროპის საბჭოს ყველა წევრ ქვეყანას ჰქონდეს საკანონმდებლო დონეზე კარგი კონტროლის მექანიზმი. უნდა გატარდეს ცნობადობის ამაღლების ღონისძიებები კონვენციის შესაბამისად და გაძლიერდეს ეროვნულ დონეზე სამოქალაქო საზოგადოების როლი აღსრულების ზედამხედველობის პროცესში, ასევე, ეროვნულ დონეზე, შესაბამის უწყებებს და დაინტერესებულ პირებს უნდა მიეცეთ შესაბამისი რესურსი და წახალისდნენ, რათა ეფექტურად განხორციელდეს ზედამხედველობის მექანიზმი“, – აღნიშნა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მან მადლობა გადაუხადა კონფერენციის ორგანიზატორებს და აღნიშნა, რომ ამავე თემაზე საქართველოში უკვე 2 ღონისძიებაა ჩატარებული. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები ეკა ბესელიას ხელმძღვანელობით, გედევან ფოფხაძე, გიორგი კახიანი, ლევან გოგიჩაიშვილი და გიორგი ხატიძე, 12-13 ივნისს ბუდაპეშტში მონაწილეობდნენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებულ მეორე რეგიონულ კონფერენციაში – „ეროვნული პარლამენტების როლი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების იმპლემენტაციაში“.
ღონისძიების მონაწილეებმა მოისმინეს მოხსენებები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების იმპლემენტაციის პროცესში ეროვნული პარლამენტების როლთან დაკავშირებით.
მოხსენებების შემდეგ გამართულ დისკუსიებში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა: გიორგი ხატიძემ, გედევან ფოფხაძემ, გიორგი კახიანმა, ლევან გოგიჩაიშვილმა და კომიტეტის აპარატის წევრმა, ლიკა ლატარიამ.
ბუდაპეშტში გამართულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის წევრებმა, ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა ევროპის საბჭოს სხვა ქვეყნებიდან და დამოუკიდებელმა ექსპერტებმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0