საშემოდგომო სესიის პირველ კვირაში, კომიტეტებსა და ფრაქციებში პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატის და მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის მოსმენა გაიმართება

02/09/2019

საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის 2019 წლის საშემოდგომო სესია ხვალ პლენარული სხდომით გაიხსნება. პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხვალ 3 სექტემბერს ბიუროს სხდომის შემდეგ, 12 საათზე გაიხსნება საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა, თუმცა, მისივე თქმით, მიმდინარე კვირა პლენარული სხდომების ნაცვლად, დაეთმობა საკომიტეტო მოსმენებსა და ფრაქციებში შეხვედრებს.

„ვინაიდან პრემიერ-მინისტრის განცხადება მის გადადგომასთან დაკავშირებით უკვე გასაჯაროვდა, ხოლო კონსტიტუციით და კანონმდებლობით ამის თანმდევი პროცესი არის პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატის და მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის დასახელება პარლამენტში, რომელიც, ახალი რეგლამენტის თანახმად, უნდა იყოს განხილული საპარლამენტო კომიტეტებთან და ფრაქციებში შეხვედრების ფორმატში, შესაბამისად, მიმდინარე სასესიო კვირა, როგორც ის იყო დაგეგმილი პლენარული სხდომების თვალსაზრისით, შეიცვლება და ამ კვირაში ჩვენ ჩავატარებთ საკომიტეტო მოსმენებს და ფრაქციებთან შეხვედრებს. შემდგომში უკვე გვექნება პლენარული სხდომა, რომელიც დაეთმობა პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის მიმართ ნდობის გამოცხადებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის ბიუროზე 3-6 სექტემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგით განსახილველი საკითხების თაობაზე იმსჯელეს.
დღის წესრიგის მიხედვით, პარლამენტმა პირველივე სასესიო კვირაში კენჭი უნდა უყაროს წინა სესიაზე განხილულ კანონპროექტებს.
პარლამენტი პირველი, მეორე და მესამე მოსმენით განიხილავს ოთხმოცდაათამდე საკითხს, მათ შორის, საქართველოს დადგენილების პროექტებს „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ.
პარლამენტი განიხილავს სამოცდაათზე მეტ ახალ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელთა შორის განიხილება კანონპროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
დეპუტატები ასევე განიხილავენ რამდენიმე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს. ბიურომ განიხილა საორგანიზაციო საკითხები და დაამტკიცა ხაზინადართა საბჭოს გადაწყვეტილებები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0