საშუალო და გრძელვადიან პერიოდში კურსს არაფერი ემუქრება

31/10/2017

საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს მდგრადი ეკონომიკური ზრდა, მაღალი და მზარდი დასაქმება. მცურავი გაცვლითი კურსი ქვეყნის საგარეო კონკურენტულობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
მცურავი გაცვლითი კურსის ბაზრისთვის დამახასიათებელია ცვალებადობა. ეს ხდება როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებში. კურსის ცვალებადობა შედარებით ახალია საქართველოსთვის, რაც გარკვეულ აჟიოტაჟს და დამატებით მოლოდინებს აჩენს.
რომ შევხედოთ კურსის ძირითად განმსაზღვრელ ფაქტორებს, რასაც ჩვენ ფუნდამენტურ ფაქტორებს ვეძახით, ეს არის პოზიტიური, რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალო და გრძელვადიან პერიოდში კურსს არაფერი ემუქრება. მოკლევადიან პერიოდში, რა თქმა უნდა, მოლოდინებია, რომელიც შეიძლება ზოგჯერ დასაბუთებული იყოს, ზოგჯერ დაუსაბუთებელი, მაგრამ ეს არის კონკრეტული ბიზნეს სუბიექტების, ფიზიკური პირების თუ კომპანიების, არჩევანი, რომლებიც თავიანთი მოლოდინებიდან გამომდინარე იღებენ გადაწყვეტილებას, რაც ბუნებრივია კურსზე გავლენას ახდენს.
ჩვენ გვინახავს უფრო მეტი გაუფასურება, თუმცა მცურავი კურსის დროს გაუფასურებას მოყვება გამყარება, რადგან, ერთი, რომ მოლოდინების მილევა ხდება და მეორე, რომ ფუნდამენტური ფაქტორები უფრო უმჯობესდება, რაც გაუფასურების შეტრიალებას იწვევს. ასევე თუ დავინახავთ, რომ ინფლაციას მომავალში საფრთხე ექმნება, გამოვიყენებთ ჩვენ ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0