საჩხერელებს დღეიდან ახალი სამუსიკო-სამხატვრო სკოლა და საბავშვო ბიბლიოთეკა მოემსახურება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საჩხერელებს დღეიდან ახალი სამუსიკო-სამხატვრო სკოლა და საბავშვო ბიბლიოთეკა მოემსახურება. სკოლა 300-მდე აღსაზრდელს მიიღებს. დაწესებულებაში ცეკვისა და ფოლკლორის ანსამბლებიც იფუნქციონირებს და სხვადასხვა სახელოვნებო ჯგუფი.
ახალი სკოლა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, იმერეთის გუბერნატორ გივი ჭიჭინაძესთან ერთად გახსნა. ღონისძიებას იმერეთის ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი მალხაზ ბაზაძე ესწრებოდნენ.
აღსაზრდელებმა სკოლის გახსნა საზეიმოდ აღნიშნეს. შესრულდა სხვადასხვა მუსიკალური ნომერი, პარალელურად კი სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
შენობა 90-იან წლებში მიწისძვრის შედეგად დაზიანდა, რის გამოც შეუძლებელი გახდა სკოლის აღნიშნულ შენობაში ფუნქციონირება. სამუსიკო და სამხატვრო სკოლის აღსაზრდელებს წლების განმავლობაში სხვადასხვა შენობაში უწევდათ სიარული.
საჩხერეში ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც ბოლო პერიოდში განხორციელდა აღნიშნული სკოლის მშენებლობაა. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 1 მილიონ ლარამდე შეადგინა.

Visited 198 times, 1 visit(s) today