საცხოვრებელი ფართები ამჯერად თბილისის ექვს რაიონში მცხოვრებ ოჯახებს დაუკანონდათ

29/02/2024

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები თბილისის სხვადასხვა რაიონში მცხოვრებ ოჯახებს გადასცა. საცხოვრებელი ფართები ამჯერად, ნაძალადევის, გლდანის, დიდუბის, ჩუღურეთის, სამგორისა და საბურთალოს რაიონებში მცხოვრებ 40 ოჯახს სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად დაუკანონდა. ეს ის ოჯახებია, რომლებიც ხანგრძლივად ცხოვრობდნენ საცხოვრებელ ფართებში, რომელთა დაკანონებას ამ დრომდე ვერ ახერხებდნენ.

„დღეს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები 40 ოჯახს გადავეცით. მინდა, პირველ რიგში, მივულოცო ამ ადამიანებს, მათ შვილებს, შვილიშვილებს. ვუერთდები მათ სიხარულს. ფართებით 3 000-მდე ოჯახი უკვე დაკმაყოფილებული გვყავს. საკმაოდ წარმატებული პროგრამაა და პროცესს განვაგრძობთ. მოვუწოდებ ყველა იმ ადამიანს, ვინც აღნიშნული პრობლემის წინაშე დგას, აუცილებლად მიმართონ მათივე რაიონულ გამგეობას და ჩვენი თანამშრომლები დაეხმარებიან, აუხსნიან, თუ რა საბუთებია შესაგროვებელი იმისთვის, რომ საცხოვრებელი ფართები დაუკანონდეთ. ამ პროგრამით კიდევ ბევრ ადამიანს გავახარებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერთან ერთად, ღონისძიებას ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე, აღნიშნული რაიონების გამგებლები, ასევე, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
წლობით დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცესი 2017 წლიდან კახა კალაძის ინიციატივით დაიწყო. დედაქალაქის მერიაში ფართების დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შემოსული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0