საქართველოს პარლამენტს და საზოგადოებას ნინო ლომჯარიამ 2019 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში გააცნო. ომბუდსმენმა გამოსვლის დასაწყისში, მადლობა გადაუხადა საკოორდინაციო საბჭოს წევრებს და ყველა იმ პირს, ვინც კოვიდ ინფექციის შედეგად გამოწვეული პანდემიის პირობებში მოქალაქეთა ჯანმრთელობის და მათი უფლებების დაცვის მიმართ საქმიანობდა.
„მინდა ვისარგებლო საპარლამენტო პლატფორმით და მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც თითოეული ჩვენგანის სიცოცხლეს და ჯანდაცვის უფლებას იცავდა. დიდი მადლობა ეპიდემიოლოგებს, ექთნებს, ექიმებს, სანიტრებს, პოლიციელებს, ჯარისკაცებს, დახურული დაწესებულებების თანამშრომლებს, მაშველებს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს, ყველა საჯარო მოხელეს, მათ შორის, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს. ძალიან დიდი მადლობა სასურსათო და სააფთიაქო მაღაზიების და სერვისების თანამშრომლებს, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს, რომელთა უწყვეტი მუშაობა ბევრი მოქალაქეების სიმშვიდის წინაპირობა იყო. განსაკუთრებული მადლობა ჟურნალისტებს, მათი მუშაობის შედეგად არც ერთ ჩვენგანს ეპიდემიის პირობებში არ გვიგრძნია ინფორმაციის სიმწირე“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მანვე მწუხარება გამოთქვა იმ პირთა მიმართ, ვინც ოჯახის წევრები და ახლობლები დაკარგეს კოვიდ ინფექციის გამო. სახალხო დამცველმა თავისი ანგარიში სიცოცხლის უფლების საკითხით დაიწყო და აღნიშნა, რომ ამ ნაწილში გაკრიტიკებულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2019 წელს განხორციელებული ცალკეული შეწყალების ფაქტები.
მანვე თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე გამოძიების შეწყვეტის საქმეზე და ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე გამოძიების დაგვიანებით დაწყებასა და „სიმართლის ვერ დადგენის“ ფაქტებზე ისაუბრა. წამების და არასათანადო ფაქტებზე საუბრისას, ნინო ლომჯარიამ პოლიციელთა მხრიდან შესაძლო ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე ისაუბრა. მისივე განცხადებით, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის ოფისმა 76 ინფორმაცია, მიმართვა გადაუგზავნა შესაბამის სამსახურებს. ომბუდსმენი თავის ანგარიშში 2019 წლის 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ 20-21 ივნისის მოვლენების მასალებზე პროკურატურამ სახალხო დამცველს სრული წვდომა მისცა და ოფისის მიერ სპეციალური ინფორმაცია მოამზადა, თუ როგორ წარიმართა აღნიშნული საქმეების გამოძიება. პარლამენტის წინაშე გამოსვლისას, ნინო ლომჯარიამ პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა მიმართ მოპყრობის საკითხებზე, სამართლიანი სასამართლოს მისამართით გატარებულ რეფორმებზე, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაზე და ადამიანის უფლებების დამცველების მდგომარეობასა და მათი უფლებების დაცვაზე ისაუბრა. მოხსენების ნაწილი ასევე დაეთმო შრომის, საარჩევნო, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ უფლებებს. სახალხო დამცველმა ბავშვთა უფლებების საკითხზე საუბრისას, პარლამენტის მიერ მიღებული ბავშვთა კოდექსი დადებითად შეაფასა და იმ ღონისძიებებსა და პრევენციებზე ისაუბრა, რასაც აღნიშნული ნორმატიული აქტი ითვალისწინებს. მანვე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, საქართველო მოქალაქეების უკანონო, დაკავება, გატაცება, პატიმრობაზე ისაუბრა.
თანასწორობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე საუბრისას, ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, რომ თანასწორობის საკითხების ნაწილში სახალხო დამცველის მანდატი გაიზარდა და ოფისს მეტი წვდომა აქვს აღნიშნული ფაქტების შესწავლისას. მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის მიერ სექსუალური შევიწროება დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმად განისაზღვრა და მასზე შესაბამისი პასუხისმგებლობა დაწესდა. სახალხო დამცველის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, პარლამენტის წევრებმა ნინო ლომჯარიას კითხვებით მიმართეს და მთელ რიგ ფაქტებზე და მოვლენებზე დამატებითი ინფორმაციის წარდგენა და შეფასებები მოითხოვეს. სახალხო დამცველის ანგარიშის შემდეგ, პლენარულ სხდომაზე განცხადებები და შეფასებები გაკეთდა. საკითხის თანამომხსენებელმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ომბუდსმენის ინსტიტუტთან პარლამენტის და კომიტეტის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„სახალხო დამცველის ინსტიტუტი საქართველოს პარლამენტის, „ქართული ოცნების“ პირობებში, არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მექანიზმი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ადამიანების უფლებების კუთხით მონიტორინგის განხორციელებაზე და ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს ომბუდსმენის ინსტიტუტთან. მიუხედავად ჩვენი ძალიან დიდი სურვილისა, მსოფლიოში ალბათ, არ არსებობს იდეალური სახელმწიფო და არც საქართველო არის გამონაკლისი. ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ თითოეული ადამიანი იყოს დაცული. ეს არის ჩვენი მიზანი, ამისთვის ვართ ჩვენ აქ და ჩვენი მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზანიც არის, რომ ვიმუშაოთ უკვე არსებული ხარვეზების აღმოფხვრაზე, ვიმუშაოთ თითოეული ადამიანის დარღვეული უფლების აღდგენაზე და სამომავლო პრევენციაზეც“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი – „მნიშვნელოვანია, რომ ტექსტში 70 ადგილას არის ნახსენები ისეთი შეფასებები, როგორიც არის „მისასალმებელი“, „დადებითად და პოზიტიურად უნდა შეფასდეს“ და ეს გარკვეულწილად მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს პროგრესი ძალიან ბევრი მიმართულებით. გვაქვს წარმატება და ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ეს საკმარისი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანის უფლებებზე ვლაპარაკობთ არ უნდა იყოს. რადგან იმისთვის, რომ ამ სფეროში მუდმივად ვითარდებოდეს სტანდარტი და მუდმივად უფრო მყარი და ძლიერი იყოს გარანტიები, ჩვენ ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს და ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ, იმიტომ, რომ თითოეული ადამიანის უფლებები არის მნიშვნელოვანი და ხშირად ერთი ადამიანის უფლება მთელი საზოგადოების უფლებას ნიშნავს“.
განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, გენადი მარგველაშვილი- „გავეცანი სახალხო დამცველის რეკომენდაციებს და მათ ნაწილს სრულიად ვეთანხმები. ძირითად ნაწილთან ხელისუფლების მხრიდან უკვე გადადგმულია ნაბიჯები, ნაწილზე კი აქტიური მუშაობა მიმდინარეობს არსებული გამოწვევების დასაძლევად. საჭიროა კიდევ უფრო მეტი კომუნიკაცია განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტთან, ასევე დარგობრივ სამინისტროებთან, იმისთვის რომ სახალხო დამცველს ჰქონდეს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია, შესაბამისად, მისი რეკომენდაციები უკეთ იქნება ორიენტირებული არსებულ გამოწვევებთან მიმართებაში“. პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი, თამარ ხულორდავა – „სახალხო დამცველი არის საპარლამენტო კონტროლის ინსტრუმენტი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტს ჰქონდეს დროული, მუდმივი, ზუსტი, დამოუკიდებელი წყაროსგან მიღებული ინფორმაცია, თუ რა მდგომარეობაა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში. სახალხო დამცველის საქმე არ არის მარტივი, იმიტომ რომ ძირითადი აქცენტები კეთდება იმ მიმართულებებზე, სადაც პრობლემებია“.
ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგო რატიანი – „მადლობა მინდა გადავუხადო სახალხო დამცველს, არა მხოლოდ წარმოდგენილი ანგარიშისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ წლების განმავლობაში და მიმდინარე წელსაც იყავით ყველგან, სადაც საზოგადოებას სჭირდებოდა და მართლაც, სადაც სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებები ირღვეოდა. ყველა ასეთ შემთხვევაში თქვენ იყავით ამ ადამიანების ჯგუფების გვერდით“. პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი, ეკა ბესელია – „ანგარიში საკმაოდ მძიმეა და თუ იზიარებთ ანგარიშის სულისკვეთებას, ამ ანგარიშის ყველაზე მძიმე ნაწილი ეხება სამართლიანი სასამართლოს იდეის მძიმე დარტყმის ქვეშ დაყენებას. პრაქტიკულად ეს ანგარიში ამბობს, რომ ამ ქვეყანაში ადამიანებს არა აქვთ სამართლიანი სასამართლოს უფლება. ეს მთავარი საკონსტიტუციო უფლებაა“. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე- „მინდა გამოვეხმაურო იმ უმძიმესს ნაწილს, რომელიც ამ მოხსენებაშია მოცემული და რომელსაც ფაქტობრივად, ერთ პარტიისა და ერთი ადამიანის მიერ სასამართლო სისტემის მითვისება ჰქვია. ფაქტობრივად, სასამართლო სისტემა გადაიქცა პოლიტიკური დევნის და რეპრესიების ბოლო ინსტანციად. მიუთითებენ? – დაიჭერს, გააფორმებს. დაავალებენ? – გაათავისუფლებს“.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი – „მსურს აქ, ამ ტრიბუნიდან გადაგიხადოთ თქვენ, სახალხო დამცველს, მადლობა. ძალიან იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ვფიქრობ, რომ სწორედ ამ მოწვევის პარლამენტში, ჩვენ უპრეცედენტოდ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც ჩვენი ფრაქციის მხარდაჭერითაც პარლამენტმა მხარი დაგიჭირათ სახალხო დამცველის პოსტზე. ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ იმას თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საზოგადოების თანამონაწილეობა იმ გადაწყვეტილებების მიღებაში, რომელსაც ჩვენ ვიღებთ აქ ხალხის სახელით“.
ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, ოთარ კახიძე – „მინდა საზოგადოებას სახალხო დამცველის როლი გავაცნო. სახალხო დამცველი კი არ იცავს ადამიანის უფლებებს, არამედ ზედამხედველობს ადამიანის უფლებების დაცვას. სახალხო დამცველი კი არ იცავს სიცოცხლის უფლებას, სიცოცხლის უფლებას იცავს მართლმსაჯულების სისტემა და სახალხო დამცველი ზედამხედველობს ამ პროცესს. თუკი პოლიცია, პროკურატურა და სასამართლო არ არის მოწოდების სიმაღლეზე, თუკი სახელმწიფო მის ნეგატიურ ან პოზიტიურ ვალდებულებას არღვევს, სიცოცხლის უფლებასთან მიმართებაში, ამ დროს ერთვება სახალხო დამცველი“.
ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარე, სიმონ ნოზაძე – „როგორ შეიძლება ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი გამოდიოდეს და სასამართლო სისტემაზე ვინმეს შენიშვნა მისცეს? შეიძლება ჩვენს სასამართლო სისტემას რაღაც ხარვეზები მართლაც აქვს, მაგრამ მე გამიჭირდება ისეთი ფაქტების მოძიება, როდესაც ხელისუფლების ჩარევით სასამართლომ რაიმე გადაწყვეტილება გამოიტანა. მაშინ როცა ყველას ახსოვს თ რომელიმე სისტემა, უწყება და ინსტიტუცია დააბეჩავეს, ეს იყო სასამართლო სისტემა, როდესაც იდგნენ ადვოკატები და ელოდებოდნენ, როდის დარეკავდა დაბალი რანგის პროკურორი და მოსამართლეს ეტყოდა როგორი განაჩენი გამოეტანა“.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი – „ქართული ოცნების“ გუნდმა შევძელით და დავამკვიდრეთ კულტურა, რასაც ჰქვია კრიტიკული აზრის მოსმენის უნარი. რასაც ჰქვია ის, რომ სახალხო დამცველი ეს არის საქართველოს პარლამენტის ხელში მექანიზმი და ბერკეტი ადამიანის უფლებების ზედამხედველობის თვალსაზრისით. IX მოწვევის პარლამენტის ფარგლებში ეს არის ბოლო ანგარიში, შესაბამისად, ჩვენ ბოლოჯერ გვაქვს შესაძლებლობა ამ ფორმატში ვისაუბროთ ადამიანის უფლებებზე, იმ მიღწევებზე და გამოწვევებზე, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენ ქვეყანას გააჩნია. ადამიანის უფლებები ეს არის საკითხი, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღების საგანი უნდა იყოს, ყოველთვის უნდა მოხდეს მათზე ზრუნვა. ადამიანის უფლებები და მისი დაცვა მუდმივად დინამიური პროცესია, შესაბამისად ყველა ხელისუფლების ამოცანა და ვალდებულება უნდა იყოს ადამიანის უფლებების გაუმჯობესების მუდმივი ზრუნვა“.
პარლამენტის წევრების გამოსვლების დასრულების შემდეგ, ნინო ლომჯარიამ პარლამენტთან თანამშრომლობის მნიშვნელობა შეაჯამა და საკანონმდებლო ორგანოსთან სამომავლო კომუნიკაციაზე მზაობა განაცხადა.
„ამ მოწვევის პარლამენტის წინაშე ბოლოჯერ მიწევს ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლა და მინდა მოკლედ შევაჯამო IX მოწვევის პარლამენტის მიერ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და ის კანონები, რომელიც მიიღეთ, ასევე ის საკითხები, რაც გამოწვევად რჩება. პირველ რიგში მინდა გამოვყო ის კანონები, რომლებიც ამ მოწვევის პარლამენტში იმსახურებს პოზიტიურ შეფასებას – ეს არის კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი, თამბაქოს შესახებ კანონში შესული ცვლილებები, ბავშვის უფლებათა კოდექსი, სექსუალური შევიწროების რეგულირებასთან დაკავშირებული ცვლილებები, ასევე სახალხო დამცველის თანასწორობის მანდატის გაძლიერებისკენ მიმართული ცვლილებები, კანონი სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ, საერთაშორისო დაცვის შესახებ კანონი, სოციალური მუშაობის შესახებ კანონი, საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტი, ხმაურის რეგულაციასთან დაკავშირებული კანონი. თუმცა იყო ისეთი კანონებიც, რომლებსაც უარყოფითად ვაფასებდით და საკონსტიტუციო სასამართლოშიც კი გავასაჩივრეთ. ასევე იყო მთელი რიგი კანონებისა, რომელთა მიღებას პარლამენტს ვთხოვდით, მაგრამ დღემდე მიღებული არ არის“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ. შემაჯამებელი სიტყვის დასასრულს,
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, ამ მოწვევის პარლამენტში სახალხო დამცველის რეკომენდაციების გაზიარების გაზრდის მაჩვენებელზე და პარლამენტთან აქტიური თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.
პარლამენტის 25 ივნისის პლენარულ სხდომაზე დაჩქარებული წესით მოთხოვნილი კანონპროექტები განიხილეს და მიიღეს. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, რატი ბრეგაძემ დეპუტატებს „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“კანონპროექტი მეორე მოსმენით გააცნო. კანონმდებლები ასევე მეორე მოსმენით, მუხლობრივად გაეცნენ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტებს. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დონდუამ მესამე მოსმენით, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებები წარადგინა. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ კი, დეპუტატებს, მეორე მოსმენით, საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ გააცნო. პარლამენტის წევრები ასევე მეორე მოსმენით, მუხლობრივად გაეცნენ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტს, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა წარადგინა. საკითხების განხილვის დასრულების შემდეგ, დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე კენჭისყრის პროცედურა გაიმართა. პარლამენტის წევრებმა პლენარულ სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს და შესაბამის კომიტეტებს შემდგომი განხილვისთვის დაუბრუნეს.
შესვენების დროს, კომიტეტებში გაგრძელდა აღნიშნული კანონპროექტების განხილვა. შემდეგ, პარლამენტმა აღნიშნული კანონპროექტები პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა და მიიღო.