სახალხო დამცველის რეკომენდაცების შესრულების ანგარიში

20/02/2017

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ ზვიად მიხანაშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, 2015 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე პარლამენტის დადგენილებით მიღებული რეკომენდაციების შესრულების ანგარიში წარადგინა. ზვიად მიხანაშვილის განცხადებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს სახალხო დამცველის აპარატთან და შეძლებისდაგვარად ითვალისწინებს რეკომენდაციებს. როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, პენიტენციურ სისტემასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის 44 რეკომენდაციიდან უმეტესობა შესრულებულია, საკითხების ნაწილის მოგვარების მიზნით ინიცირებულია საკანონმდებლო ცვლილებები, ხოლო ნაწილზე მუშაობა მიმდინარეობს. უკვე გათვალისწინებულ რეკომენდაციებს შორისაა „სტამბოლის პროტოკოლის“ შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის ახალი წესის შემუშავება, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა და 2017 წლის 1 აპრილიდან ამოქმედდება; პენიტენციური სისტემის თანამშრომელთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების ამაღლების მიზნით საჭიროებების რეგულარული გამოკვეთა და შესაბამისი სასწავლო პროგრამების შემუშავება, მომზადდა/გადამზადდა პენიტენციური სამსახურის რამდენიმე ათასი თანამშრომელი; პენიტენციური ინფრასტრუქტურის მოწერსიგების მიზნით 2016 წლის განმავლობაში განხორციელდა არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, დაწესებულებებში ჩატარდა სარემონტო და სხვა სახის სამუშაოები, N5 დაწესებულებაში გაიხსნა ხანგრძლივი პაემნებისთვის შენობა და ა.შ; ყოველწლიურად ფართოვდება მსჯავრდებულთათვის სარეაბილიტაციო და საგანმანათლებლო პროგრამები, 2016 წელს პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა მიიღო 1325-მა მსჯავრდებულმა, მიმდინარეობს მუშაობა მსჯავრდებულთათვის უმაღლესი განათლების უფლების მინიჭების საკითხზე; მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა და ამოქმედდა სუიციდის პრევენციის პროგრამა და სხვა. კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა უკვე განხორციელებული ცვლილებები დადებითად აღნიშნეს და საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები წარადგინეს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც მათი განცხადებით, პენიტენციურ სისტემაში კვლავ პრობლემურია და მოგვარებას საჭიროებს. ზვიად მიხანაშვილმა დეპუტატებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლების შეკითხვებსაც უპასუხა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელის სოფიო კილაძის შეფასებით, სასჯელაღსრულების სფეროში 2012 წლის შემდეგ სერიოზული გარღვევა მოხდა, თუმცა სისტემა მუდმივად საჭიროებს დახვეწას და სწორედ რეფორმირების პროცესის გაგრძელების ნაწილია, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომლის განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში დაწყებულია. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო სახალხო დამცველის ოფისთან თანამშრომლობას მომავალშიც აქტიურად განაგრძობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0