ქალაქ ბოლნისის ისტორიული უბანი მრავალფეროვანმა ღონისძიებებმა მოიცვა- სახალხო დღესასწაული ,,ბოლნისქალაქობა 2018“ უკვე დაიწყო. ბოლნისის ისტორიულ უბანში წარმოდგენილია ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმის ექსპონატთა გამოფენა, ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ეთნოგრაფიული კუთხეები; სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინისა, სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ქართული ნუგბარის დეგუსტაცია-გამოფენა-გაყიდვა; ბოლნისის მუნიციპალური თეატრის წარმოდგენა; ზ. ხუჯაძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლის ღია სივრცე; ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული შემოქმედებითი კოლექტივების ნამუშევართა გამოფენა და მცირე კონცერტები; ქუჩის თეატრის კოსტიუმირებული თეატრალური წარმოდგენა-კარნავალი; საბავშვო ატრაქციონები და სხვადასხვა ღონისძიებები. სპორტი – ჭიდაობა, მკლავჭიდი, ჭადრაკი, კარატე. აქტივობები პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. ღონსიძიებები საღამოს 10 საათამდე გაგრძელდება.
“ბოლნისქალაქობაზე“ მოსულ სტუმრებს წინ ფოლკლორული მუსიკის ფესტივალი, საპატიო ბოლნისელების არჩევის ცერემონიალი, საწნახელში ყურძნის საზეიმო დაწურვა და “სუხიშვილების“ კონცერტი ელოდებათ.