სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ეროვნული ბანკის შემოწმების კომპეტენციის საკითხზე განხილვა გაგრძელდება

06/06/2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დღეს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის“ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის“ განხილვისას, უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა მხრიდან, გამოითქვა მოსაზრებები, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის ეროვნული ბანკის შემოწმების კომპეტენციის სრული მოხსნა მიზანშეწონილი არ არის.
„დღევანდელი რედაქციის თანახმად, აუდიტის სამსახურს აქვს სრული შესაძლებლობა, რომ შევიდეს ეროვნულ ბანკში. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში ეროვნული ბანკის წარმომადგენელთა მხრიდან შემოთავაზებული იყო ინიციატივა, რომლის თანახმად, აუდიტის სამსახურს აღარ ენიჭება ეს კომპეტენცია. ერთ-ერთი არგუმენტი მდგომარეობდა იმაში, რომ ეროვნულ ბანკს ისედაც ამოწმებს ე.წ. დიდი ოთხეული, თუმცა, დღესაც მოვისმინეთ კონკრეტული კომენტარები როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ შესაბამისი რეგულაციის ასეთი სრული მოხსნა არ არის სწორი და მიზანშეწონილი. ჩვენ გავაგრძელებთ განხილვას და შესაბამისი დარგის ექსპერტების მოსაზრებას გავითვალისწინებთ პირველ რიგში. ძალიან კვალიფიციური ადამიანები არიან წარმოდგენილნი როგორც უმრავლესობიდან, ისე ოპოზიციიდან, მათ შორის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში და მათი აზრის გათვალისწინებით მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით. თავისი პლიუსები და მინუსები აქვს ორივე გადაწყვეტას. ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ და ამის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0