სახელმწიფო საგუნდო კაპელის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

18/10/2017

ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტში, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. კონცერტს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ესწრებოდა, რომელმაც საგუნდო კაპელის ქორმაისტერს, გივი მუნჯიშვილს, ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ გადასცა.
კონცერტზე მსოფლიო საგუნდო კლასიკის პოპულარული ნაწარმოებები შესრულდა.
ქორმაისტერები: გივი მუნჯიშვილი და არჩილ უშვერიძე.
საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა – დაარსდა 1947 წელს; 1991 წელს მიენიჭა ნიკო სულხანიშვილის სახელი. სხვადასხვა დროს კაპელის სათავეში იდგნენ: გიორგი ხახანაშვილი, ოთარ თაქთაქიშვილი, იანდუმინი (ლატვია), ჯანსუღ კახიძე, გურამ ბაქრაძე, ბორის პევზნერი (რუსეთი), გივი მუნჯიშვილი. კაპელის შემოქმედებითი ბიოგრაფია მოიცავს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ გამართულ, ასობით კონცერტზე წარმატებით შესრულებულ მდიდარ რეპერტუარს. მსოფლიო საგუნდო მუსიკის შედევრებიდან აღსანიშნავია ი. ს. ბახის “საშობაო ორატორია”, მოცარტის “საკორონაციო მესა” და “რეკვიემი”, ბეთჰოვენის “მესა დომაჟორი და “სადღესასწაულო მესა”, შუბერტის მესა #2, ფორეს “რეკვიემი”, ორფის “კარმინაბურანა”. აგრეთვე, კაპელა ქართული პროფესიული საგუნდო მუსიკის პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვანი თხზულების პირველი შემსრულებელი და პოპულიზატორია.
2005 წლიდან, სახელმწიფო საგუნდო კაპელა გაერთიანდა ეროვნული მუსიკალური ცენტრის შემადგენლობაში, ხოლო 2015 წელს შეურთდა ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრს. ამჟამად, ეროვნული კაპელის ხელმძღვანელია გივი მუნჯიშვილი, მთავარი დირიჟორი – არჩილ უშვერიძე.
სახელმწიფო საგუნდო კაპელა ეწევა აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას, მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებში. იგი ყოველწლიურად მონაწილეობს თბილისის საერთაშორისო საგუნდო მუსიკის ფესტივალში, რომელიც 2011 წელს, საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის ინიციატივითა და თბილისის მერიის თანადგომით დაარსდა. 2015 წლიდან საგუნდო კაპელა საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის “შემოდგომის თბილისი” აქტიური მონაწილეა. 2016 წელს, მან თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამართა კონცერტი იერუსალიმის ფილარმონიაში (ისრაელი), რომელიც შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს მიეძღვნა. კონცერტს დირიჟორობდა ამოს ტალმონი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0