„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

02/09/2017

ბორჯომში, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის, ასევე, საჯარო სამსახურის ბიუროს ორგანიზებით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) – მმართველობის რეფორმის ფონდისა (Governance Reform Fund) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, სამუშაო შეხვედრა იმართება, რომლის ფარგლებშიც ღონისძიების მონაწილეები „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალ კანონში მოცემულ პრინციპებზე მსჯელობენ.
გუშინ განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა: საჯარო მმართველობა, ბიუროკრატია და საჯარო მოხელე; რეფორმის არსი და კანონის ზოგადი ანალიზი; საჯარო სამსახურის ძირითადი ცნებები და პრინციპები; მოხელეთა რანგირება და კლასები. განხილულ საკითხებთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა.
დღეს, სამუშაო შეხვედრის მონაწილეები იმსჯელებენ შემდეგ საკითხებზე: სამსახურში მიღება და კარიერის მართვა; რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და შერწყმა; დისციპლინური პასუხისმგებლობა; სამსახურიდან გათავისუფლება და უფლების დაცვა. წარდგენილი იქნება, ასევე, „შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ: პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრები, პარლამენტის აპარატის უფროსი ნიკოლოზ ნათენაძე, პარლამენტის აპარატის თანამდებობის პირები და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0