საჰაერო ტრანსპორტით უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობა სულ უფრო აქტუალური ხდება

27/05/2017

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მოწვევით, საქართველოში ვიზიტით მყოფი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) საბჭოს პრეზიდენტი ოლუმუივა ბენარდ ალიუ და ორგანიზაციის ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკური რეგიონალური ბიუროს დირექტორი ლუიშ ფონსეკა დი ალმეიდა საქართველოს საავიაციო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კანადაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ICAO-ში კონსტანტინე ქავთარაძე, ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, „საქაერონავიგაციისა” და საქართველოს საავიაციო ბაზარზე მოქმედი ავიასაწარმოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა „საქაერონავიგაციის“ ორგანიზებით გაიმართა.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველომ ბოლო წლებში საავიაციო უსაფრთხოებისა და უშიშროების უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.
„გუშინ ჩვენ შეხვედრები გვქონდა საქართველოს მთავრობასთან, სადაც მსოფლიო საავიაციო თანამეგობრობის სახელით გამოვხატეთ კმაყოფილება საქართველოში ბოლო 3-4 წლის მანძილზე ფრენების უსაფრთხოების კუთხით ნაჩვენები გაუმჯობესების, აგრეთვე ინფრასტრუქტურული პროექტებისა და საჰაერო გზების მოდერნიზების მიმართ. ვიმედოვნებთ, რომ გაუმჯობესება და არსებული სტანდარტების ამაღლების პროცესი კვლავ გაგრძელდება. გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ კვლავაც გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებასთან და საქართველოც, როგორც კარგი შედეგების მქონე სახელმწიფო, თავის გამოცდილებას გაუზიარებს რეგიონის ქვეყნებს“- აღნიშნა დოქტორ ბენარდ ალიუმ.
მისი განცხადებით, ICAO-ს რეკომენდაციაა სტაბილური განვითარების კურსის შენარჩუნება, საავიაციო ხელისუფლების ფინანსური და ინსტიტუციონალური გაძლიერება, ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელება და სააერნაოსნო მომსახურების ხარისხის შემდგომი გაუმჯობესება. „ყოველივე ამის გათვალისწინებით, ფრენები კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან საჰაერო ტრანსპორტით უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობა სულ უფრო აქტუალური ხდება. ბოლო 3 წლის მანძილზე საქართველომ ძალიან დიდი ზრდა აჩვენა მგზავრთა გადაყვანის კუთხით. ავიაცია მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური, ასევე ტურიზმის განვითარების კუთხით. მე ძალიან პოზიტიური პროგნოზები მაქვს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მომავალი განვითარების შესახებ“ – განაცხადა ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტმა.
შეხვედრის ფარგლებში ICAO-ს პარიზის ბიუროს დირექტორმა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორს, გურამ ჯალაღონიას სერტიფიკატი გადასცა. ლუიშ ფონსეკა დი ალმეიდას განცხადებით, სერტიფიკატი საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მენეჯმენტსა და თანამშრომლებს გამორჩეული მიღწევებისათვის, ICAO-ს საქმიანობის უწყვეტი და უპირობო მხარდაჭერისათვის და საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოებისა და უშიშროების უზრუნველყოფაში შეტანილი დიდი წვლილისთვის გადაეცათ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0