სენსაცია – ტყუპი 5 კვირის შუალედით დაიბადა

12/04/2016

ამერიკელმა კრისტენ მილერმა ლამის მსოფლიო რეკორდი მოხსნა ტყუპებს შორის დიდი შუალედით დაბადების გამო. როგორც “The Washington Post“-ი იუწყება, პატარები უნდა დაბადებულიყვნენ 4 ივნისს. 27 წლის კრისტენის პირველი ორსულობა გართულებების გარეშე მიმდინარეობდა. თუმცა 22-ე კვირაზე მან წყლები დაღვარა. ტენესის შტატის სამედიცინო უნივერსიტეტის ექიმებმა შეძლეს 2 კვირით ორსულობის შენარჩუნება, მაგრამ 14 თებერვალს, სამშობიარო ვადამდე თითქმის 4 თვით ადრე, ქვეყანას მოევლინა პატარა მიკა. მისი ასაკი შეესაბამებოდა 24 კვირასა და 1 დღეს, წონა კი – 500 გრამი იყო.
საშვილოსნოში კიდევ იყო ერთი ნაყოფი
– მიკას და – მადელინი. ექიმების მიზანი იყო როგორმე შეენარჩუნებინათ ორსულობის მიმდინარეობა. მიკა და მადელინი სხვადასხვა კვერცხუჯრედის ტყუპები იყვნენ. რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ცალ-ცალკე სანაყოფე პარკი და პლაცენტა ჰქონდათ. ექიმები გოგონას დაბადებას თითქმის ყოველდღე ელოდნენ. რათა გაეხანგრძლივებინა ორსულობა, კრისტენი გაუნძრევლად იწვა. მას არ შეეძლო პატარა მიკას ხელში დაჭერაც კი. მედიკოსების გასაკვირად, მიკას დაბადების შემდეგ დედის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა და ორსულობის შენარჩუნება 5 კვირით გახდა შესაძლებელი. კლინიკის ექთანი კიმბერლი ფორტნერი იხსენებს: “პერსონალი დღის ბოლოს ასე ამბობდა: “აი, კიდევ ერთი დღე დამთავრდა“…
პირველი მშობიარობიდან 38-ე დღეზე მიკას დამ გადაწყვიტა მოვლინებოდა ქვეყანას. მიუხედავად იმისა, რომ ისიც დღენაკლული იყო, დაბადებისას პატარამ შეძლო დამოუკიდებლად სუნთქვა. ჯერჯერობით ტყუპები ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფებიან. ორი თვის შემდეგ ისინი მშობლებთან ერთად დაბრუნდებიან სახლში.
მილერის შემთხვევა რეკორდული აღმოჩნდა ტენესის უნივერსიტეტის კლინიკის ექიმებისთვის. ხანგრძლივი ინტერვალები ტყუპებს შორის ძალიან იშვიათია და 1 კვირაზე მეტს არ შეადგენს.
ამ სფეროში მსოფლიო რეკორდი 87 დღეა და 2012 წელს შეტანილია გინესის რეკორდების წიგნში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0