სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის აქტიური მუშაობის შედეგად კახეთის რამდენიმე რაიონში მძლავრი ატმოსფერული პროცესები მნიშვნელოვნად იქნა შესუსტებული

21/05/2017

სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 20 მაისს კახეთის ექვს რაიონში 3714 კმ2 ფართობის მქონე ფრონტალურ სეტყვასაშიშ ღრუბლის მასებზე მოახდინა აქტიური ზემოქმედება, რისთვისაც 230 ერთეულამდე რაკეტა იქნა გასროლილი.
რაკეტების სროლები მნიშვნელოვანი შეზღუდვების პირობებში განხორციელდა, რადგან გაუარესებული ამინდის გამო საჰაერო სივრცე საფრენი აპარატებით იყო გადატვირთული, რაც რაკეტების დროულად გასროლის შემაფერხებელი ფაქტორია.
სისტემის მართვის ცენტრის მიერ დღის 11:00 საათიდან კახეთის რეგიონში ჩრდილო-დასავლეთი მიმართულებიდან დიდი ფართობის მქონე ჩამოყალიბებული სეტყვასაშიში ფრონტალური ღრუბლის მასების შემოსვლა დაფიქსირდა.
ღრუბელმა ეტაპობრივად მოიცვა ახმეტის, თელავის, გურჯაანის, ყვარელის, სიღნაღის და ლაგოდეხის რაიონები.
მეტეოროლოგიური რადიოლოკატორიდან მიღებული მონაცემების მიხედვით სეტყვის მოსვლის ალბათობა 100 % იყო, მოსალოდნელი მარცვლების ზომა კი 40-50 მმ. პროცესებს თან დაერთო ადგილობრივად შიდამასიური ღრუბლის მასების ფორმირებაც, რაც სეტყვასაშიში პროცესების დამატებით გაძლიერების წინაპირობაა.
12:04 საათზე და 18:08 სთ-დან 20:41 სთ-მდე 70 ერთეულ სეტყვასაშიშ ღრუბლის კერაზე სარაკეტო დამუშავება ეტაპობრივად განხორციელდა.
აქტიური ზემოქმედების შედეგად მოხერხდა რეგიონში შემოსული სეტყვასაშიში ნალექის არსებულ მასშტაბებში ლოკალიზება და მისი შემდგომი გაძლიერების თავიდან არიდება.
ნალექის მასა აღნიშნულ ექვს რაიონში წვიმის და ნაწილობრივ სეტყვის სახით ჩამოიცალა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0